შორეულ წარსულში ურანს იდუმალი, მოხეტიალე პლანეტა დაეჯახა და სამუდამოდ შეცვალა - ახალი კვლევა
19:01, 04.07.2018
მზის სისტემის ყველა პლანეტა ასე თუ ისე, ზუსტად მზის მსგავსად არის ორიენტირებული, ანუ ყველა მათგანის სამხრეთი და ჩრდილოეთი განლაგებულია ერთნაირი მიმართულებით. გამონაკლისია ურანი. ლურჯი პლანეტის ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძი მზის ორბიტული სიბრტყიდან 98 გრადუსით არის გადახრილი. ფაქტობრივად, ურანი მზის გარშემო „წამოწოლილი“ მოძრაობს.
მდგომარეობა იმდენად უცნაურია, რომ გამორიცხულია, თავისით მომხდარიყო. ასტრონომებს სჯერათ, რომ ამ თავსატეხზე პასუხი უკვე იპოვეს. მათი მტკიცებით, ოდესღაც, ურანის შორეულ წარსულში, იგი გვერდზე გადახარა დედამიწაზე ორჯერ მეტი მასის მქონე მოხეტიალე პლანეტამ.
მზის გარშემო ურანის ასეთი უცნაური ფორმით მოძრაობის მიზეზად ერთი გიგანტური ან რამდენიმე პატარა შეჯახების სცენარის მეცნიერებს აქამდეც სჯეროდათ. მაგრამ თითქმის არაფერი ვიცით, როგორ და როდის მოხდა ეს მოვლენა და სხვა რა ეფექტები ჰქონდა მას პლანეტაზე.
პასუხის მოსაძებნად, მკვლევრებმა კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს — ურანის მოდელს აჯახებდნენ სხვადასხვა ზომის ობიექტებს და შემდეგ, შედეგებს აკვირდებოდნენ.
„იმისათვის, რათა გაგვეგო, შეგვეძლო თუ არა იმ გარემოს შექმნა, რომელმაც გავლენა მოახდინა ამ პლანეტის ევოლუციაზე, უმძლავრესი სუპერკომპიუტერის გამოყენებით შეჯახების 50-ზე მეტი სცენარი ჩავატარეთ“, — ამბობს დარემის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯეიკობ კეგერეისი.
მისი თქმით, მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ურანი მოჰყვა კატაკლიზმურ შეჯახებაში პლანეტასთან, რომელიც მასით ორჯერ აღემატებოდა დედამიწას.
ჯგუფის დასკვნით, ეს მოვლენა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მოხდა, მზის სისტემის ადრეულ ეტაპზე. გარდა ამისა, ასეთ კატაკლიზმს მოხერხებულად შეუძლია ახსნას ურანის რამდენიმე სხვა უცნაურობაც.
მაგალითად, პლანტის სუსტი ეკვატორული რგოლები და მისი რეგულარულად პროგრადული მთვარეების სისტემა. ცნობილია, რომ ურანის ყველა მთვარე ორბიტაზე ერთი მიმართულებით ბრუნავს. ეს ფაქტი წარსულში ძლიერ წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთი გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზასთან, რადგან როგორც წინა კომპიუტერული მოდელები აჩვენებდა, ასეთ შეჯახებას საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა უნდა დაეწყებინებინა სულ მცირე ერთი მთვარისთვის მაინც.
მაგრამ თუკი კლდოვანი, ყინულოვანი სხეულის შეჯახების შედეგად ურანის გარშემო გაიტყროცნებოდა კლდოვან, ყინულოვან მასალათა ღრუბლები, ყველა მათგანი პლანეტის გარშემო მოძრაობას ერთი მიმართულებით დაიწყებდა, წარმოქმნიდა რგოლებსაც. მეორე მხრივ, ურანის გარე ორბიტაზე არსებული უსწორმასწორო მთვარეები მოგვიანებით უნდა იყოს ჩაჭერილი.
მეორე საიდუმლო, რომელიც შეჯახების თეორიას ეჭვქვეშ აყენებდა, არის ის, თუ რატომ არ გაიტყორცნა ურანის ატმოსფერო კოსმოსში. პლანეტას დღემდე აქვს ატმოსფრო, რომელიც ლამაზად, ყინულის საბურველივით აკრავს გარშემო.
თუმცა, თუკი დარტყმა გვერდული იყო და არა პირდაპირი, საკმარისი იქნებოდა, რათა ურანი გვერდზე გადაეყირავებინა და შეენარჩუნებინა ატმოსფერო, სხვადასხვა ნივთიერებათა ნაკადი კი ორბიტაზე დაიწყებდა მოძრაობას.
გარდა ამისა, შეჯახებას პლანეტის წიაღში ასევე უნდა წარმოექმნა გამდნარი ყინულისა და ქანები გროვები. შედეგად, ფარდა ეხდება კიდევ ერთ საიდუმლოს — რატომ აქვს ურანს ასე არასტანდარტული, დაუბალანსებელი მაგნიტური ველები, ორივე მათგანი ასიმეტრიულია და ღერძის მიმართ დახრილია 60 გრადუსით.
აშკარაა, რომ ეს მოდელი ყველაფერს სათუთად, ზუსტად ხსნის. გარდა ამისა, გამოსადეგია არა მხოლოდ მზის სისტემისთვის.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ბოლო დროს აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა ყველაზე გავრცელებული სახეობაა მინი-ნეპტუნები — ურანისა და ნეპტუნის მსგავსი ყინულის პლანეტები, მაგრამ ზომით პატარა; ურანი დედამიწას მასით 14-ჯერ აღემატება, ზომით კი ოთხჯერ.
ურანის უკეთ შესწავლა და იმის გარკვევა, როგორ გახდა ის ასე უცნაური, მცნიერებს დაეხმარება გაერკვნენ მის მსგავს სხვა პლანეტათა ევოლუციაში. შეიძლება, მათ ასე არეული მაგნიტური ველები არ ჰქონდეთ, მაგრამ მაგალითად, ურანის მსგავსად გამოირჩეოდნენ მყრალი სუნით.