შორეულ წარსულში დედამიწის „ნაკლული ყინულის“ საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია — #1tvმეცნიერება
ყველაფერი თითქოს მარტივია — როდესაც დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს, დნება დიდი ოდენობით მყინვარი, წყალი ოკეანეებში ჩადის და ზღვის დონე მაღლა იწევს. ასეთი პერიოდში გვიწევს ახლა ცხოვრება.
ამის საპირისპიროდ, როდესაც გლობალური ტემპერატურა ეცემა, მაგალითად, გამყინვარების პერიოდებში, ზღვის დონე იკლებს, რადგან წყალი ოკეანეებიდან უკან იხევს, კიდევ ერთხელ იყინება და ხმელეთზე ყინულის უზარმაზარ საფარს წარმოქმნის.
ყინულის მიქცევისა და დინების ეს ეპიკური, განგრძობადი ციკლი, ანუ გლაციალურიდან ინტერგლაციალურ ფაზებში გადასვლები, უხსოვარი დროიდან ხდება. თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა.
უკვე წლებია, მეცნიერები, რომლებიც ამ ციკლებს სწავლობენ, ვარაუდობენ, რომ არსებობს „ნაკლული ყინულის“ პრობლემა: იდუმალი შეუსაბამობა 20 000 წლის წინ ზღვის ძალიან დაბალ დონესა და იმავე პერიოდში მყინვარებში შენახულ ყინულის მოცულობას შორის.
დედამიწის ბოლო გამყინვარების ხანის პიკში — ბოლო მყინვარულ მაქსიმუმში, რომელიც დაახლოებით 20 000 წლის წინ დასრულდა — ზღვის დონე დღევანდელზე დაახლოებით 130 მეტრით დაბალი უნდა ყოფილიყო; ამას მიუთითებს უძველესი მარჯნის დანალექოვანი მტკიცებულებები.
თუმცა, მოდელირება მიუთითებს, რომ იმავე პერიოდში, ყინულის მოცულობა მყინვარებში საკმარისი არ იყო, რათა აიხსნას ზღვის ასეთი დაბალი დონე. ჩნდება კითხვა — სად უნდა წასულიყო ეს „ნაკლული ყინული“?
კვლევაში, რომელსაც გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის გეოფიზიკოსი ევან გოუენი ხელმძღვანელობდა, როგორც ჩანს, მკვლევრებმა გამოსავალი იპოვეს.
ახალი რეკონსტრუქციის საშუალებით, რომელსაც PaleoMIST 1.0 უწოდეს, მკვლევრებმა გლობალური ყინულის საფარის მოდელირება შეძლეს შორეულ წარსულში, ბოლო მყინვარულ მაქსიმუმზე გაცილებით ადრეულ პერიოდამდე.
„როგორც ჩანს, მივაგენით ახალ გზას, რომლითაც 80 000 წლის წინანდელი პერიოდის რეკონსტრუქციას ვახდენთ“, — ამბობს გოუენი.
მოდელის შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს მონაცემებში არსებული ანომალია ნაკლული ყინულის შემთხვევა კი არ არის, არამედ შეცდომით გვაქვს განსაზღვრული ზღვის დონე ბოლო მყინვარულ მაქსიმუმში.
PaleoMIST 1.0-ის ყინულის ფიზიკის მოდელის მიხედვით, ზღვის დონე დღევანდელ მაჩვენებელზე 116 მეტრზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო, ყინულის მოცულობა კი დაახლოებით 42,2 × 106 კმ3 უნდა ყოფილიყო.
„გამომდინარე აქედან, ვერ მივაგენით ნაკლული ყინულის პრობლემის საფუძველს — ბოლო მყინვარული მაქსიმუმის ჩვენეული რეკონსტრუქცია თავსებადია ზღვის დონის არსებულ შეზღუდვებთან“, — წერენ მკვლევრები.
ჯგუფის განცხადებით, ნაკლული ყინულის არგუმენტის არასწორი მიმართულება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა — პირველი, გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შორი სფეროს ინდიკატორებზე (მარჯნული დანალექები მთელი მსოფლიოდან), რაც შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს ზღვის საშუალო დონეს, როგორც ეს ადრე გვეგონა.
კიდევ ერთი პრობლემაა მყინვარების მასის შეფასების დიდი ხნის, მაგრამ როგორც ჩანს, არასწორი მეთოდი — ჟანგბადის იზოტოპთა პროპორციის ციკლები, რომელიც შეუსაბამობებს წარმოქმნის, როდესაც ერთმანეთს ვუთავსებთ ზღვის დონის სიმაღლესა და მყინვართა მასებს ისეთ წარსულში, როგორიც სულ მცირე, ბოლო მყინვარული მაქსიმუმია.
„იზოტოპის წლების განმავლობაში მოდელი ფართოდ გამოიყენებოდა მილიონობით წლის წინანდელ პერიოდში ყინულის მოცულობის განსაზღვრისთვის. ჩვენი კვლევა ამ მეთოდის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ნიდერლანდების ზღვის კვლევის სამეფო ინსტიტუტის გეოფიზიკოსი პაოლო სტოჩი.
მართალია, ნაკლული ყინულის პრობლემა როგორც ჩანს გადაიჭრა, მაგრამ მკვლევრები სულაც არ ელოდებიან, რომ მათი ნაშრომი ბოლო იქნება ამ თემაზე.
როგორც თავადაც აღიარებენ, მათ მიერ ნაპოვნი გამოსავლის შეუსაბამობა ჟანგბადის იზოტოპების ციკლებზე დაფუძნებულ რეკონსტრუქციებთან, ნაკლული ყინულის ახალ პრობლემას წარმოშობს.
როდის და როგორ გადაიჭრება ეს ახალი შეუსაბამობა, უკვე სამომავლო კვლევების საგანია, რომლებმაც შეიძლება, შორეულ წარსულში ყინულის საფარის ევოლუციის უფრო ზუსტი სურათი მოგვცენ.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.