შორეულ პლანეტასთან მთვარის წარმომქმნელი დისკო აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
შორეულ წარსულში პლანეტა იუპიტერს გარს ერტყა მტვრის საუცხოო რგოლები. ამჟამად მათგან აღარაფერია დარჩენილი, რადგან დიდი ხნის წინ, ამ რგოლებისგან იუპიტერის გალილეისეული მთვარეები წარმოიქმნა.
თუმცა, მთვარის წარმომქმნელი ასეთი დისკოების პოვნა შესაძლებელია სხვა ვარსკვლავურ სისტემათა პლანეტებთან. პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა ასეთი დისკო იპოვეს და ფოტოებიც გადაუღეს.
ამ პლანეტის სახელია PDS 70 c, არის იუპიტერის ზომის გაზის გიგანტი და გარს უვლის ჩვენგან 370 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა, დაბალმასიან ვარსკვლავს. ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული უმძლავრესი რადიოტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით, ასტრონომებმა დააფიქსირეს მთლიან სისტემაში მოძრავი მტვრის მიკროსკოპულ ნაწილაკთა მიერ გამოყოფილი რადიოტალღები.
დაკვირვებები მიუთითებდა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტის გარშემო არსებულ მტვრის კონცენტრაციაზე. პლანეტა დედავარსკვლავს გარს უვლის 5,31 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან.
ასტრონომთა აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა სირკუმპლანეტური დისკო; ზუსტად ისე, როგორც ვარსკვლავების გარშემო არსებული პროტოპლანეტური დისკოსგან წარმოიქმნება პლანეტები, ისე ამ დისკოსგან ყალიბდება თანდათან მთვარეები.
აშშ-ის რაისის უნივერსიტეტის ასტრონომის, ანდრეა ისელიას განცხადებით, პირველად ისტორიაში, მათ საბოლოოდ დაინახეს სირკუმპლანეტური დისკოს ნიშნები, რაც მხარს უჭერს პლანეტათა ფორმაციის შესახებ ამჟამად არსებულ მრავალ თეორიას.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საკუთარი დაკვირვებები მაღალი რეზოლუციის ინფრაწითელ და ოპტიკურ ფოტოებს შეადარეს, ნათლად დაინახეს, რომ მტვრის ციცქნა ნაწილაკთა კონცენტრაცია სინამდვილეში პლანეტის გარშემო არსებული მტვრის დისკოა.
ასეთი რგოლები ძალიან განსხვავდება სატურნის რგოლებისგან, რომელთა ასაკიც მხოლოდ 100 მილიონი წელია, თავად სატურნის სისტემა კი 4,5 მილიარდი წლისაა. სატურნის რგოლები ყინულის, მტვრისა და კლდისგან შედგება და წარმოადგენს კომეტების, ასტეროიდების და თავად მთვარეების ნარჩენებს, რომლებიც პლანეტის გარშემო როგორღაც დაიშალნენ.
მეორე მხრივ, PDS 70 c-ის გარშემო არსებული რგოლები პლანეტის ისტორიის გაცილებით ადრეულ ეტაპზეა წარმოქმნილი. თავად ვარსკვლავი მხოლოდ 10 მილიონი წლისაა და პლანეტაც ახლა იბადება.
ბირთვის ჩამოყალიბების შემდეგ, აკრეციის პროცესი ვარაკვლავებსა და პლანეტებში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მატერია მათ გარშემო დისკოს სახით ბრუნავს და ობიექტზე ეცემა, იზრდება მისი მასა. ვარსკვლავის შემთხვევაში, ამ პროცესის შედეგად დარჩენილი მატერიისგან პლანეტები წარმოიქმნება.
გამომდინარე აქედან, ასტრონომები ფიქრობენ, რომ PDS 70 c არსებული დისკო აკრეციის პროცესიდანაა დარჩენილი. მართლაც, ობიექტის სიკაშკაშე ინფრაწითელში და წყალბადის სარტყლები მიუთითებს, რომ მტვრის გროვაში პლანეტა იმყოფება, რომელიც დისკოდან აქტიურად იერთებს მატერიას და მასაში იზრდება.
აღსანიშნავია, რომ სისტემაში ორი პლანეტაა. მეორე პლანეტა, სახელად PDS 70 b დედავარსკვლავთან უფრო ახლოს, 3,22 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება. ასტრონომთა აზრით, ასეთი რგოლები მასაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ უფრო სუსტი.
გარდა ამისა, PDS 70 b-ს სიახლოვეს არის მტვრის გროვა, რომელიც კომეტის კუდს წააგავს.
ამ იდუმალებით მოცულ სისტემას ნამდვილად შეუძლია, ბევრი რამ გვასწავლოს, რადგან ნათლად გვაჩვენებს პლანეტის ფორმაციის პროცესს.
ტელესკოპ ALMA-ს ვარსკვლავთა გარშემო მტვრის საბურველში გახვეულ პლანეტათა გადაღება ადვილად შეუძლია; შესაბამისად, ასტრონომები ამ უცნაურ სისტემაზე დაკვირვებას აგრძელებენ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.