შორეულ ეგზოპლანეტასთან გიგანტური ეგზომთვარის ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
თუ დავფიქრდებით, ირმის ნახტომი მთვარეებით უნდა იყოს გადაჭედილი. მზის სისტემაში ოფიციალურად რვა პლანეტაა, მთვარეები, ანუ პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრები კი სულ მცირე 25-ჯერ მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემის მიღმა ამ დროისათვის დაახლოებით 5000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, ეგზომთვარეების შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. ასეთი ობიექტის პირველი სავარაუდო აღმოჩენა 2017 წელს მოხდა; ამჯერად უკვე გვაქვს მეორე კანდიდატიც.
ეგზომთვარეობის ახალ კანდიდატს კეპლერ-1708 b-i უწოდეს და ის გარს უვლის ჩვენგან დაახლოებით 5500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტას. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის საკმაოდ დიდია, დედამიწაზე დაახლოებით 2,6-ჯერ დიდი და სავარაუდოდ, გაზოვანია, პატარა ნეპტუნის მსგავსი. მისი დედაპლანეტა კი იუპიტერზე ოდნავ პატარაა.
ასეთი მახასიათებლებით ის ეგზომთვარეობის პირველ კანდიდატს, კეპლერ–1625 b-i-ს ჰგავს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, აქვს დაახლოებით ნეპტუნის მსგავსი ზომა და მასა (ასევე გაზოვანია) და გარს უვლის იუპიტერზე რამდენჯერმე მასიურ ეგზოპლანეტას. ეგზომთვარეობის ორივე კანდიდატი და შესაბამისად მათი ეგზოპლანეტებიც საკუთარ ვარსკვლავებს ძალიან შორიდან უვლიან გარშემო.
ორივე მათგანი ძლიერ განსხვავდება მზის სისტემაში არსებული მთვარეებისგან, მაგრამ ამის მიზეზიც აქვთ.
„ამ დრომდე ეგზოპლანეტობის 10 000-ზე მეტი კანდიდატია აღმოჩენილი, მაგრამ ეგზომთვარეები გაცილებით გამომწვევია. პირველად აღმოჩენილები აუცილებლად უცნაური ტიპის იქნება. დიდები, რადგან მათი დაფიქსირება უბრალოდ ადვილია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებით“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ კიპინგი, რომელმაც ასევე აღმოაჩინა კანდიდატი კეპლერ–1625 b-i.
ეგზომთვარეობის კანდიდატს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში მიაგნეს. კეპლერის მისია ეგზოპლანეტებს ეძებდა. ეს საქმე ძლიერ რთულია, რადგან ეგზოპლანეტები ძლიერ პატარები და მკრთალებია, რათა პირდაპირ დავინახოთ; მათი დაფიქსირების გზაა ის ძალიან მცირე ეფექტები, რაც მათ საკუთარ დედავარსკვლავებზე აქვთ.
კეპლერის ტელესკოპი შორეულ ვარსკვლავებს აკვირდებოდა და მათ სინათლეში მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებდა, რაც მიუთითებს, რომ ვარსკვლავსა და ჩვენ შორის რეგულარული ინტერვალებით რაღაც მოძრაობს, ანუ პლანეტა. ამ ძლიერ მცირე ჩაბნელებებს ტრანზიტს უწოდებენ.
კეპლერის, შემდეგ კი ჰაბლის მონაცემებში, კიპინგმა და მისმა კოლეგა ალექს ტიჩიმ კეპლერ-1625 b-i-ის ტრანზიტის გარდა დამატებითი სიგნალიც აღმოაჩინეს. შემდეგ ისინი მონაცემებს დაუბრუნდნენ და სხვა ასეთი სიგნალების ძებნაც დაიწყეს.
კეპლერის მონაცემებში მათ სულ 70 ეგზოპლანეტა შეისწავლეს. მხოლოდ ერთ ეგზოპლანეტას, სახელად კეპლერ-1625 b-ს აღმოაჩნდა ეგზომთვარის სიგნალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი.
კეპლერ-1708 b-i ჯერ დადასტურებული არ არის, როგორც მისი წინამორბედი; ზოგიერთი ასტრონომი იმასაც ეჭვქვეშ აყენებს, საერთოდაც არის თუ არა კეპლერ-1708 b-i-ს ხელწერა ეგზომთვარის და მონაცემებში არსებული ხარვეზი ჰგონია.
ამის თავიდან ასაცილებლად, მკვლევრებმა ამჯერად გამოთვალეს იმის შესაძლებლობა, რომ კეპლერ-1708 b-i-ის სიგნალი ხარვეზი იყოს. ამის შანსი ერთი პროცენტი აღმოჩნდა.
თუმცა, რჩება ბევრი კითხვა. არ ვიცით, როგორ შეიძლება წარმოიქმნას გაზის გიგანტი ეგზოპლანეტისა და გაზის ეგზომთვარის სისტემა; ვინაიდან მზის სისტემაში ამის მსგავსი არაფერი გვაქვს, მათი წარმოქმნის მექანიზმი ალბათ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი მთვარეების წარმოქმნის მექანიზმისგან. შესაძლებელია ისიც, რომ მთვარეებმა გაზი საკუთარი დედაპლანეტებისგან შეაგროვეს, ანდაც ეგზოპლანეტებად გაჩნდნენ, მაგრამ შემდეგ სხვა უფრო დიდმა პლანეტებმა ჩაიჭირეს გრავიტაციით.
ამ ყველაფრის გარკვევა უფრო მეტ კვლევას მოითხოვს; მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადასტურდეს, არის თუ არა ახალი აღმოჩენა მართლაც ეგზომთვარე. საჭიროა დაკვირვებები სხვა ინსტრუმენტებით, რათა ვნახოთ, დაიჭერენ თუ არა ისინიც ამ სიგნალს. ალბათ მოვა დრო, რომ მათ არსებობაში ეჭვი აღარავის შეეპარება და ძალიან ბევრ ეგზომთვარეს აღმოვაჩენთ.
შემდეგი ნაბიჯი კი ალბათ გაცილებით გამომწვევი იქნება — მთვარის მთვარის პოვნა.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.