მაცხოვრის შობის სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა ბეთლემში, სადაც გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე იშვა. მორწმუნეები ქრისტეშობის ტაძარში შეიკრიბნენ. ღვთისმსახურება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა თეოფილე მესამემ ჩაატარა. ათასობით მორწმუნესთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა პალესტინის ავტონომიის მთავრობის მეთაური მაჰმუდ აბასიც.
შობის დღესასწაულს ზეიმობენ ქრისტიანი კოპტები. ღვთისმსახურება ეგვიპტის დედაქალაქში ახალაშენებულ ტაძარში, კოპტური ეკლესიის პატრიარქმა ტავადროს მეორემ ჩაატარა. ლიტურგიას ესწრებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, რომელსაც მორწმუნეები ოვაციებით დახვდნენ.
ღამით ქრისტეშობის ლიტურგია ასევე ჩატარდა რუსეთში. მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე მივიდა. ღვთისმსახურება რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილმა ჩაატარა. ეკლესიაში იმყოფებოდნენ რუსეთის მთავრობის წევრები. ასევე რუსეთს პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ოჯახთან ერთად. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირი პუტინი საშობაო ლიტურგიას სანკტ-პეტერბურგში დაესწრო.
შობა იზეიმეს ასევე სერბეთში. ათასობით მორწმუნე ღამით ბელგრადში მდებარე წმინდა საბას ტაძარში მივიდა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სერბეთის პატრიარქმა ჩაატარა.
7 იანვარს შობას იმ ქვეყნებში აღნიშნავენ, რომლებიც იულიანური კალენდრით ხელმძღვანელობენ, მათ შორის არის უკრაინისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია.