ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნად, ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებული წარმოდგენაც გაიმართა.

საზეიმო ლოცვა 25 დეკემბრის დილის 11:00 საათზე დაიწყო. როგორც საქართველოს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების უფროსმა პასტორმა, მამუკა ჯებისაშვილმა განაცხადა, შობის დღესასწაული განასახიერებს, რომ მაცხოვარმა თავისი დაბადებით თითოეულ ადამიანს ცოდვებისგან ხსნის საშუალება მისცა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს – ქრისტეშობას. წმინდა წერილი ამბობს ასეთ სიტყვებს: დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მხსნელი, მაცხოვარი, რომელიც იხსნის თავის ხალხს ცოდვებისგან. რა თქმა უნდა, მთელ მოსახლეობას ვულოცავ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ეს სიტყვები განსაკუთრებით ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეძებს გამოსავალს, ცოდვების პატიებას, მეორე შანსს. სამხიარულოა ეს დღესასწაული, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იპოვოს მეორე შანსი ცხოვრებისთვის. დღეს ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანები გულდამძიმებულები არიან ცოდვებისგან, პრობლემებისა და სხვა საზრუნავისგან. ვფიქრობ, ეს დღესასწაული შეხსენებაა იმისა, რომ ღმერთმა გადაჭრა ეს საკითხი, როცა ქრისტე მოვიდა მიწაზე ადამიანის სახით“, – განაცხადა მამუკა ჯებისაშვილმა.

ქრისტეს შობის დღესასწაულს ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ თბილისში 1997 წლიდან აღნიშნავს.