შინაურ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება
შინაურ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება

შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია. პირველი არხის ინფორმაციით, ცვლილებების ინიცირება საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.
პროექტით, დეკორატიული ჯიშის გარდა, საზოგადოებრივ ადგილებში შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (მოკლე საბელის ან საბელისა და ალიკაპის) გარეშე ძაღლების გასეირნება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით.

ცვლილებების თანახმად, შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით ისევე, როგორც შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით, უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერისთვის დადგენილი წესების დარღვევა კი 150 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისთვის დასაშვები წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით ისევე, როგორც შინაურ ბინადარ ცხოველთა საკვებად გამოყენება, შინაური ბინადარი ცხოველისაგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება.

ცვლილებებით გათვალისწინებულია ჯარიმები სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაზეც. ამ ქმედებისთვის პირის დაჯარიმება 300 ლარის ოდენობით მოხდება, უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

ასევე ცვლილებების თანახმად, ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

ცვლილებებით ჯარიმაა განსაზღვრული თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების დარღვევაზეც და ეს კანონდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

ინიციატივის გათვალისწინებით, გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით ისევე, როგორც გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ზემოთ აღნიშნულ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს დარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას.