მარნეულის პოლიციასთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ, ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ
მარნეულის პოლიციასთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ, ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ

ხმაური იყო მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან. ადგილზე მოქალაქეები და ცხოველთა უფლებების დამცველები მივიდნენ.

შეკრებილები ძაღლზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

მარნეულის პოლიციაში დაკავებულის გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ნავროზაშვილმა განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გასული წლის დეკემბრის თვეშია გადაღებული.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.