კატები და ძაღლები ინდივიდუალურ საფლავებში ისე წვანან, თითქოს სძინავთ. ბევრ მათგანს საყელური ან სხვა აღკაზმულობა აქვს; საკმაოდ მოვლილები არიან, ხანდაზმულ ასაკამდე, თანამედროვე შინაურ ცხოველთა მსგავსად. უკანასკნელად ადამიანმა თავის საყვარელი შინაური ცხოველი წითელი ზღვის სანაპიროზე, ამ ძველეგვიპტურ არიდულ ზონაში 2000 წლის წინ დამარხა.
არქეოლოგიური ძეგლი ათი წლის წინ, ადრეულ რომაულ პორტ ბერენიკესთან აღმოაჩინეს, მაგრამ მისი დანიშნულება ამ დრომდე გაურკვეველი იყო. ახლახან ჩატარებული გათხრების შედეგად, იქ თითქმის 600 კატისა და ძაღლის სამარხი აღმოაჩინეს, მიაგნეს იმის მტკიცებულებასაც, რომ ეს ცხოველები ძალიან ძვირფასი, შინაური არსებები უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ადგილი ჩვენთვის ცნობილი უძველესი შინაურ ცხოველთა სასაფლაოა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შინაურ ცხოველთა ამჟამინდელი იდეა სულაც არ იყო უცხო უძველესი მსოფლიოსთვის.
„ასეთი სასაფლაო არასოდეს მინახავს. შინაური ცხოველის ოჯახის წევრად მიღების იდეა ანტიკურ ხანაში წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად ასე იყო“, — ამბობს ვინიპეგის უნივერსიტეტის ზოოარქეოლოგი მაიკლ მაკკინონი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში წარსულის ცხოველთა როლს სწავლობს.
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოზოოლოგმა მარტა ოსიპინსკამ და მისმა კოლეგებმა სასაფლაო 2011 წელს ქალაქის კედლებთან, მის გარეთ, რომაული ნაგავსაყრელის ქვეშ იპოვეს. როგორც ჩანს, სასაფლაოს ახ. წ. პირველ და მეორე საუკუნეებს შორის იყენებდნენ, როდესაც ბერენიკე მოფუსფუსე რომაული ნავსადგური იყო, სადაც ვაჭრობდნენ სპილოს ძვლით, ქსოვილებით და სხვა მდიდრული საქონლით, რომელიც ინდოეთიდან, არაბეთიდან და ევროპიდან მოჰქონდათ.
2017 წელს ოსიპინსკას ჯგუფმა დაახლოებით 100 ცხოველის ნეშტი აღმოაჩინა, ძირითადად კატების, რომლებიც შინაური ცხოველები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ამ ძეგლის ზუსტი დანიშნულება უცნობი რჩებოდა. კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის ძველეგვიპტურ ცხოველთა ექსპერტი, სალიმა იკრამი მაშინ ამბობდა, რომ ძვლები შეიძლება უბრალოდ გადაყრილი ნაგავი ყოფილიყო.
ოსიპინსკამ და მისმა კოლეგებმა ამ ადგილას უკვე 585 ცხოველის ნეშტი ამოთხარეს და ძვლებს დეტალური ანალიზი ჩაუტარეს. ვეტერინართა დახმარებით, დაადგინეს ცხოველების ჯანმრთელობა, კვების რაციონი და სიკვდილის მიზეზი.
ცხოველები სათუთად იყვნენ ჩასვენებული კარგად მომზადებულ ორმოებში. მრავალი მათგანი დაფარული იყო ქსოვილებით ან კერამიკის ნაწილებით, რაც ერთგვარ სარკოფაგებს წარმოქმნიდა. 90 პროცენტზე მეტი კატა იყო, მრავალ მათგანს ეკეთა საყელური ან მინით და ნიჟარებით მორთული ყელსაბამები. ერთი კატა მოზრდილი ფრინველის ფრთაზე იყო მოთავსებული.
ჯგუფმა ვერ მიაგნო მუმიფიცირების, მსხვერპლშეწირვისა და სხვა რიტუალური პრაქტიკის მტკიცებულებებს, როგორც ეს ცხოველთა სხვა სამარხების შემთხვევაშია, მაგალითად, ისრაელის ქალაქ აშკელონში აღმოჩენილ სასაფლაოზე. ბერენიკეში ცხოველთა უმეტესობა ჭრილობით ან დაავადებით არის მკვდარი. ზოგიერთ კატას ფეხები აქვს დამსხვრეული ან სხვა მოტეხილობები აღენიშნება, რაც შეძლება დავარდნით იყოს გამოწვეული ან ცხენის მიერ მიყენებული. ზოგიერთი პატარაობაშია მკვდარი, სავარაუდოდ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც მჭიდრო ქალაქებში სწრაფად ვრცელდება.
ძაღლებს სამარხების მხოლოდ ხუთი პროცენტი ეკუთვნით (დანარჩენი მაიმუნებისაა) და ისინი საკმაოდ ხანდაზმულები მომკვდარან. ბევრ მათგანს კბილების უმეტესობა აქვს დაკარგული ან აღენიშნება პერიოდონტალური დაავადების ნიშნები და სახსრების დეგრადაცია.
„აღმოვაჩინეთ ისეთი ინდივიდებიც, რომლებსაც მოძრაობა თითქმის არ უნდა შეძლებოდათ. ასეთ ცხოველებს გადარჩენისათვის კვება ესაჭიროებათ, თითქმის უკბილო ცხოველების შემთხვევაში კი სპეციალური საკვებითაც“, — ამბობს ოსიპინსკა.
ჯგუფის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ადამიანები ცხოველებს ასე კარგად უვლიდნენ, განსაკუთრებით ასეთ მკაცრ და ტრიალ რეგიონში, სადაც თითქმის ყველა რესურსი იმპორტირებული იყო, მაგრამ ისინი ცხოველებს მაინც ასე უვლიდნენ და მარხავდნენ კიდეც, როგორც ამას ბევრი პატრონი ახლაც აკეთებს, მიუთითებს იმაზე, რომ ბერენიკეს მცხოვრებლებს ძლიერი ემოციური ბმა ჰქონდათ საკუთარ კატებთან და ძაღლებთან.
როგორც ოსიპინსკა აღნიშნავს, ისინი ამას არ აკეთებდნენ ღმერთებისთვის ან სხვა რაიმე უტილიტარული სარგებლის მიზნით. მისი აზრით, ურთიერთობა ადამიანებსა და მათ შინაურ ცხოველებს შორის საოცრად ახლოს უნდა ყოფილიყო დღეს არსებულ ურთიერთობასთან.
ახლა უკვე სალიმა იკრამიც დარწმუნებულია, რომ ეს სასაფლაოა, რომელიც ბერენიკეს მოსახლეობისა და მათი შინაური ცხოველების ურთიერთობის საინტერესო ამბავს გვიყვება.
ამ აზრს იზიარებს ბელგიის ბუნების მეცნიერებათა სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი არქეოლოგი ვიმ ვან ნეერიც, რომელიც ძველ მსოფლიოში ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობას სწავლობს. „არასოდეს მინახავს კატა საყელურით“, — ამბობს იგი.
თუმცა, ის იქვე აღნიშნავს, რომ ბერენიკეს მოსახლეობა თავიანთ კატებსა და ძაღლებს შეიძლება ასე არასენტიმენტალური მიზეზებით აფასებდა. მისი თქმით, ნავსადგური სავსე უნდა ყოფილიყო ვირთხებით, ამის გამო კი კატები საკმაოდ დაფასებული ცხოველები უნდა ყოფილიყვნენ. სასაფლაოზე აღმოჩენილია რამდენიმე პატარა ძაღლიც, დღევანდელი მინიატურული სახეობების მსგავსი, შესაბამისად, მათი დანიშნულებაც დიდი არაფერი უნდა ყოფილიყო; უფრო დიდი ძაღლები კი შეიძლება სახლებს იცავდნენ და ნარჩენებს ჭამდნენ. „არ მჯერა, რომ საქმე უბრალოდ სასიყვარულო ურთიერთობასთან გვაქვს“, — ამბობს ნეერი.
ოსიპინსკა იმედოვნებს, რომ ახალი კვლევა სხვა არქეოლოგებსაც დაარწმუნებს, რომ კომპანიონი ცხოველების კვლევა ღირს.
„დასაწყისში, ზოგიერთი ძალიან გამოცდილი არქეოლოგი ამ კვლევისთვის ხელის მოკიდებას არ მირჩევდა, მიმტკიცებდნენ, რომ შინაური ცხოველებით უძველეს ხალხთა ცხოვრების შესახებ ბევრს ვერაფერს გავიგებდით. იმედი მაქვს, ჩვენი შეედეგები აჩვენებს, რომ ეს საკითხი შესასწავლად ნამდვილად ღირდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოზოოლოგი მარტა ოსიპინსკა.
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.