ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი ნახევარფინალისტი გახდა თორნიკე შენგელიას “ბასკონია“, რომელმაც 2:0 მოუგო მეოთხედფინალური სერია გიორგი შერმადინის “უნიკახას“.
მეორე მატჩში, რომელიც მალაგაში “უნიკახას” მოედანზე გაიმართა, “ბასკონიამ” 80:64 მოიგო. უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ, სტუმრებს 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ და სწორედ ამ სხვაობით გაიმარჯვეს მთლიანად მატჩში.
“ბასკონიას” რიგებში 18 წუთი და 30 წამი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც რვა ქულა, ექვსი მოხსნა და ორი პასი დააგროვა. უფრო შედეგიანი იყო “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი – მას 20 წუთში 11 ქულა და ოთხი მოხსნა ჰქონდა.
“ბასკონია” ნახევარფინალში “ანდორასა” და “ბარსელონას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების სერიაში 1:0 “ანდორაა” დაწინაურებული.