საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე ჩივაძე - ახალკაცი ფსიქოლოგების დასკვნას დიდ ყურადღებას აქცევდა #1TVSPORT
ზუსტად 45 წლის წინ, 1978 წელს 11 ნოემბერს თბილისის „დინამო“ მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ეს მოვლენა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ გაიხსენა.
„კლუბის ისტორიაში ორჯერ მოხდა, როდესაც ერთდროულად გუნდში მოხვდნენ ნიჭიერი თაობა და ნიჭიერი მწვრთნელები. ეს იყო წარმატების წინაპირობა და რის შედეგადაც ჩემპიონები გავხდით, ორჯერ კი თასი მოვიპოვეთ. იმ წელს ჩამოვიდა რამაზ შენგელია, მაგრამ ძირითადში რეზო ჩელებაძე თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. ახალკაცს კი შენგელიას დაყენება სურდა. არადა, რეზო ამის მიზეზს არ იძლეოდა, ისე კარგად თამაშობდა.
ვარჯიშებზე ერთმანეთს პერსონალურად 5/5-ზე ვეთამაშებოდით. ახალკაცმა ჩელებაძეს შენგელია დაუყენა. რამაზის კი იმხელა ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, რომ ოთხ ტაიმს ირბენდა. რეზომ ამ ორთაბრძოლას ვერ გაუძლო, მაისურა გაიძრო და რამაზის უთხრა, არც ძირითადი მინდა და არც არაფერი, შემეშვითო.
ნაკრების შეკრებაზე რომ ჩავდიოდით, სხვები გაოცებულები იყვნენ, რამაზს რა ძალა აქვს, ვერ ჩერდებაო. ბურთი აუტში რომ ვარდებოდა, თვითონ გარბოდა და მოედანზე აბრუნებდა. ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ შემთხვევით ვერ გახდებოდა.
ახალკაცი მცველებს შეტევაში წასვლას არ გვიკრძალავდა. ცნობილი ამბავია, რომ საბჭოთა კავშირის მცველებში რეკორდსმენი ვარ – 79 გოლი მაქვს გატანილი. ვისაც წინ წასვლა შეეძლო, ყველა შეტევას ცდილობდა.
ახალკაცს გუნდში მოჰყავდა ფსიქოლოგები და მათ დასკვნას დიდ ყურადღებას აქცევდა. ყველა ფეხბურთელზე ჰქონდა ინფორმაცია. ნოდარის ბიჭმა მითხრა, რომ ეს დოკუმენტები შენახული მაქვს და პირადად შენზე გეტყვიო – ეს დასკვნა დაწერილი იყო მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის დროს, „დინამოს“ მომავალი კაპიტანი საშა ჩივაძე იქნებაო. მაშინ ვიყავი 21 წლის. ამას დიდ ყურადღებას აქცევდა“, – გაიხსენა ალექსანდრე ჩივაძემ.