თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. ბასკებმა პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს “ბარსელონას” და 2:0 დაწინაურდნენ.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც “ბასკონიამ” 25 ქულის სხვაობით მოიგო, მეორე მატჩში “ბარსელონამ” კინაღამ მოახერხა რეაბილიტაცია. კატალონელებმა 22:8 გაქცევით დაიწყეს შეხვედრა და მატჩის დიდი ნაწილი ლიდერობდნენ – პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 10 ქულით იყვნენ წინ.
მაგრამ მესამე მეოთხედში “ბასკონიამ” თანდათან შეამცირა სხვაობა და მატჩში პირველად წინ გასვლაც შეძლო, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმია და 85:79 მოიგო.
შენგელიამ 25 წუთს ითამაშა და 12 ქულა (5/10 – ორქულიანები, 0/1 – სამქულიანები, 2/4 – საჯარიმოები), შვიდი მოხსნა და ორი პასი დააგროვა.
სერიის მომდევნო ორი მატჩი “ბარსელონას” არენაზე გაიმართება.