შემთხვევის ადგილზე, სადაც არასრულწლოვანს თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შემთხვევის ადგილზე, სადაც არასრულწლოვანს თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, შემთხვევის ადგილზე, სადაც არასრულწლოვანს ერთ-ერთი მოქალაქე დაესხა თავს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა, როდესაც მერვეკლასელი, 13 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს ლიფტში ერთ-ერთი მოქალაქე შეყვა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ლიფტიდან მოზარდის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნეს და სასწრაფოს გამოუძახეს.

მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი მეათე სართულზე ცხოვრობს და აღნიშნეს, რომ დამნაშავემ ლიფტი მერვე სართულზე სავარაუდოდ, გამიზნულად გაჭედა.

როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე მეზობლებმა განუცხადეს, დამნაშავე ამ ადგილას არასდროს უნახავთ.

თბილისში არასრულწლოვანს თავს დაესხნენ. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის ოთარ რუსაძის თქმით, არასრულწლოვანს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.