ექიმის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

13 წლის მოზარდი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, იაშვილის კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა, ნევროლოგმა თათა სამხარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

„დღესდღეობით პაციენტის მდგომარეობა სავსებით სტაბილურია. ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. რჩება ოფთალმოლოგიური პათოლოგია, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რაიმე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გრძელდება მკურნალობა“, – განაცხადა ნევროლოგმა თათა სამხარაძემ.

თბილისში არასრულწლოვანს გუშინ დაესხნენ თავს. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა, როდესაც მერვეკლასელი, 13 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს ლიფტში ერთ-ერთი მოქალაქე შეყვა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ლიფტიდან მოზარდის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნეს და სასწრაფოს გამოუძახეს.