შეეგებეთ TESS-ს - რამდენიმე დღეში NASA ეგზოპლანეტებზე მონადირე ისტორიულ მისიას გაუშვებს
19:11, 10.04.2018
16 აპრილს NASA კოსმოსში ისტორიულ მისიას გაუშვებს. ახალ კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ს (ტრანზიტულ ეგზოპლანეტათა მკვლევარი თანამგზავრი) ფრიად განსაკუთრებული მიზანი აქვს. TESS-ი უცხო პლანეტებზე ინადირებს.
აღნიშნული მისია 10 წელიწადზე მეტია მზადდება და შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ის ისტორიული ტელესკოპი, რომელმაც მზის სისტემის მიღმა აღმოგვაჩენინოს პლანეტა, რომელზეც არამიწიერი სიცოცხლე ყვავის.
„TESS-ი კარს უღებს სრულიად ახალი სახის კვლევებს. მისი წყალობით, საშუალება გვექნება შევისწავლოთ ინდივიდუალური პლანეტები და უკვე დავიწყოთ საუბარი მათ შორის არსებულ განსხვავებებზეც. მისი სამიზნეები და აღმოჩენები იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ შესაძლოა, კვლევათა ძირითადი საგანი გახდეს უახლოეს ათწლეულებში. ეგზოპლანეტათა კვლევებში TESS-ი სრულიად ახალ ერას დაიწყებს“, — ამბობს პროექტის მეცნიერი სტივენ რაინჰარტი.
ეგზოპლანეტებზე მონადირე სხვა კოსმოსურ ხომალდთაგან განსხვავებით, TESS-ს უბადლო აღჭურვილობა გააჩნია, რათა მარტივად იპოვოს სხვადასხვა ვარსკვლავთა „სასიცოცხლო ზონაში“ მოძრავი დედამიწის ზომის პლანეტები. სასიცოცხლო ზონა არის არეალი ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც პლანეტას შეუძლია ზედაპირზე შეინარჩუნოს თხევადი წყალი.
თუკი ამა თუ იმ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პლანეტა მოძრაობს, არსებობს სულ მცირე თეორიული შესაძლებლობა, რომ მასზე სიცოცხლე იყოს.
NASA-ს განცხადებით, TESS-ი ინადირებს შედარებით ახლომდებარე კაშკაშა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ასეთ პლანეტებზე.
ცის კვლევაში თანამგზავრი ორ წელს გაატარებს და ინადირებს პლანეტებზე, რომელთა ზომაც დედამიწისა და იუპიტერის ზომებს შორის მერყეობს.
„იგი პასუხს გაგვცემს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე. მაგალითად, რომელ ჩვენს მეზობელ ვარსკვლავს ჰყავს პლანეტები?“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკოსი ელისა კინტანა.
ამ პლანეტათა საპოვნელად, თანამგზავრი დააკვირდება მცირე ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც გამოწვეულია პლანეტის ჩავლით, ანუ ტრანზიტით დედავარსკვლავსა და ტელესკოპს შორის. ამ ტრანზიტთა საშუალებით, მეცნიერები არკვევენ პლანეტის ზომას, სწავლობენ მის ატმოსფეროს და ორბიტასაც კი.
TESS-ი გააგრძელებს წინაპრის, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის კვლევებს. კეპლერი რამდენიმე წლის წინ გაშვებული ეგზოპლანეტებზე მონადირე კიდევ ერთი თანამგზავრია, რომელიც საქმიანობას დღემდე აგრძელებს, თუმცა საწვავი თითქმის ამოწურა და მალე უმოქმედო გახდება.
კეპლერმა მთლიანად შეცვალა გალაქტიკის ჩვენეული აღქმა. 3000 სინათლის წლის რადიუსში მან აღმოაჩინა 2600-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტა.
„კეპლერმა გვასწავლა, რომ ჩვენს ცაში ვარსკვლავებზე მეტი პლანეტაა, TESS-ი კი თვალს აგვიხელს და უფრო დეტალურად დაგვანახებს ამ პლანეტათა მრავალფეროვნებას“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკის ქვეგანაყოფის დირექტორი პოლ ჰერცი.
კეპლერის მისიის მთავარი ამოცანა ცის ერთი მონაკვეთის ღრმად კვლევა იყო, ძირითადად ნადირობდა შორეულ ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ პლანეტებზე. TESS-ის მთავარი სამიზნე ახლომდებარე კაშკაშა ვარსკვლავები იქნება.
TESS-ის მიერ შეგროვებული მონაცემები დიდად დაეხმარება კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპს, ჯეიმს ვებს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს გაეშვება.
ჯეიმს ვები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრე იქნება. იგი გამოიკვლევს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა, რომ ესა თუ ის პლანეტა სისოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.
TESS-ი განსაკუთრებით ამაღელვებელი მომენტია ეგზოპლანეტების მეცნიერთათვის.
ტელესკოპი 16 აპრილს ფლორიდის შტატიდან, კანავერალის კონცხიდან გაეშვება.