შეძლებს თუ არა მსოფლიო ოდესმე COVID-19-ის სრულად ამოძირკვას — მეცნიერები შანსებს აფასებენ #1tvმეცნიერება
შეძლებს თუ არა მსოფლიო ოდესმე COVID-19-ის სრულად ამოძირკვას — მეცნიერები შანსებს აფასებენ #1tvმეცნიერება

პანდემია გრძელდება და იდეა, რომ მსოფლიო სრულად შეძლებს კორონავირუს SARS-CoV-2-ის შეჩერებას და პანდემიამდელ ცხოვრებაში დაბრუნებას, სულ უფრო მიუწვდომელ ოცნებად გვესახება.

მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ვაქცინების უთანასწორო გადანაწილება და სახიფათო ახალი შტამები, მოსაზრება, რომ ერთ დღესაც COVID-19-ზე გავიმარჯვებთ, ხანდახან თითქოს სულელური ჩანს.

თუმცა, ახალზელანდიელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი ანალიზების მიხედვით, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. აქამდე ჩატარებული კვლევების მეტაანალიზის, ასევე ყვავილთან და პილიოსთან მათი შედარების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსის ამოძირკვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ადვილი.

„არის თუ არა COVID-19 პოტენციურად ამოძირკვადი? თუ ის გარდაუვლად ენდემურია და მსოფლიოში თავს დაიმკვიდრებს?“, — წერენ მკვლევრები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანალიზი პირველად ძალისხმევას წარმოადგენს და სხვადასხვა სუბიექტურ კომპონენტს მოიცავს, COVID-19-ს ამოძირკვადის კატეგორიაში ათავსებს, განსაკუთრებით ტექნიკურად განხორციელებადობის თვალსაზრისით“, — წერია კვლევაში.

მსოფლიო მასშტაბზე SARS-CoV-2 ისე გამოიყურება, რომ ის არსად წავა, მაგრამ მცირე მასშტაბზე, ზოგიერთ ადგილას ვირუსის მოსპობა შეძლეს, ვაქცინაციის გარეშეც კი.

ზოგიერთმა დიდმა ქვეყანამ, მაგალითად ჩინეთმა და უფრო პატარა ქვეყნებმა, მათ შორის ისლანდიამ და ახალმა ზელანდიამ ვაქცინების გამოსვლამდე შეძლეს ვირუსის დროებით ამოძირკვა; ამისათვის იყენებდნენ სასაზღვრო კონტროლს, ნიღბების ტარებას, ფიზიკურ დისტანციას, ტესტირებას და კონტაქტების მოძიებას.

გარდა ამისა, კაცობრიობამ შეძლო მთლიანად ამოეძირკვა სულ მცირე ერთი დაავადება მაინც — ყვავილი. ადამიანებში ყვავილი 3000 წლის განმავლობაში მძვინვარებდა. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ეს ვირუსი გაქრა და 1980 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის სრულად ამოძირკვულად გამოაცხადა.

ვაქცინების წარმატების კიდევ ერთი ამბავია პოლიომიელიტი, რომელიც უკვე თითქმის მთლიანად მოვსპეთ. პოლიოვირუსის სამი სეროტიპიდან ორი გლობალურად ამოძირკვულია; 1988-2018 წლებში პოლიოვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 99 პროცენტით შემცირდა.

შესაბამისად, საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა, რომ იგივე მოვუხერხოთ COVID-19-საც? კვლევის ფარგლებში, ელიმინაციის 17 ცვლადისთვის ჯგუფმა შექმნა სამპუნქტიანი შეფასების სისტემა. ცვლადებს შორის იყო მაგალითად, უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, იმუნიტეტის ხანგრძლივობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გავლენა, მთავრობათა მიერ ინფექციის ეფექტიანი კონტროლი.

ამ ცვლადების მიმოხილვისას დადგინდა, რომ COVID-19-მა 51-დან 28 ქულა მიიღო, პოლიომ კი 51-დან 26. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ამ ცვლადს სრულყოფილად არ ვიყენებთ და ბევრი ისეთი ელემენტი გვრჩება გვერდით, რომელიც ვირუსის ამოძირკვას შესაძლებელს გახდიდა.

„ამ ძალიან წინასწარ ანალიზებში, COVID-19-ის ამოძირკვა ოდნავ უფრო განხორციელებადი ჩანს, ვიდრე პოლიოსი, მაგრამ გაცილებით ნკლებად შესაძლებელი, ვიდრე ყვავილი“, — წერს ჯგუფი.

ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამოძირკვის მიზანი გაცილებით მტკიცე უნდა იყოს, ვიდრე ის ყვავილის შემთხვევაში იყო, მაგრამ სულაც არ არის ბოლომდე შეუძლებელი.

ჯგუფი განმარტავს, რომ COVID-19-ის ამოსაძირკვად გასათვალისწინებელია ისეთი ცალსახა ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც ასეთ დიდ ფაქტორს არ წარმოადგენდა პოლიოსა და ყვავილის შემთხვევაში. მაგალითად, ვაქცინებისადმი ყოყმანი და ვირუსული შტამების სწრაფი ევოლუცია, რამაც შესაძლოა, გლობალური ვაქცინაციების პროგრამები უკან ჩამოიტოვოს.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია ვაქცინაციის პროგრამების განხორციელებისა და ჯანდაცვის სისტემების განახლების სიძვირე. პლუს ის ფაქტი, რომ გარეული და შინაური ცხოველები ამ ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს, რომლებშიც მან შეიძლება კიდევ უფრო მეტად მუტაცია შეძლოს.

მიუხედავად იმისა, მივაღწევთ თუ არა ამ მიზანს, COVID-19-ის ამოძირკვის ძალისხმევას აქვს გარკვეული სარგებელი.

„COVID-19-თან ბრძოლაში განახლებულ ჯანდაცვის სისტემებს დიდი თანასარგებელი ექნება სხვა დაავადებების კონტროლში. ამასობაში, შეიძლება სრულიად ამოიძირკვოს წითელაც“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

მათივე განცხადებით, ერთობლივად, მთელ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, სარგებელმა შეიძლება ხარჯები გადაწონოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი კორონავირუსის ამოძირკვას მრავალი წელი დასჭირდა და გზადაგზა ბევრ რისკსა და წარუმატებლობასაც გადავაწყდით.

კვლევა BMJ Global Health-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.