საუკეთესო მხატვრობისთვის „ოსკარი“ ფილმმა „შავმა პანტერამ“ მიიღო. სურათი შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი. აქედან ორი „ოსკარი“ უკვე აიღო. მანამდე ფილმს ჯილდო კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ ახალი ისტორია შექმნა „შავმა პანტერამ“. ის სუპერგმირზე გადაღებული პირველი სურათია, რომელიც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარადგინეს.
„შავი პანტერა“ მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.
მარველის „შავი პანტერა“ შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარს გადააჭარბეს. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში „ოსკარის“ მოპოვების შანსი აქვთ ასევე „მწვანე წიგნს“, „ვიცეს“, „ფავორიტს“, „ვარსკვლავის დაბადებას“, „ბოჰემურ რაფსოდიას“ და „შავ კუკლუქს კლანელს“.
„ოსკაროსანი“ გამოვლინდა საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ჯილდო გადაეცა ალფონსო კუარონს, ფილმისთვის „რომა“. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი „რომას“ რეჟისორიც არის.
„ფილმი, რომლის გადაღებაზეც ყოველთვის ვოცნებობდი“, – ასე ახასიათებს მის ბოლო ფილმს „ოსკაროსანი“ რეჟისორი ალფონსო კუარონი.