„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნული უნივერსიტეტი აირჩიეს
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია და იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ პირველ ნომრად ჰქონდათ არჩეული.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დღეს აბიტურიენტებს განუმარტა, რა პროცედურების გავლით შეიძლება მოხვდნენ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ მომავალ წელს. აბიტურიენტების მშობლებმა შეხვედრაზე პროტესტი გამოხატეს და განაცხადეს, რომ მათი შვილების უფლებები დაცული უნდა იყოს და წელსვე უნდა მიეცეთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალება.
უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ დღეს აბიტურიენტების მშობლებს უნივერსიტეტის ფინანსური დახმარება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი სიმართლის დაცვას სასამართლოს გზით გააგრძელებდნენ.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისგან საბოლოო პასუხს 3 სექტემბერს ელოდებიან და ამის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.
IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.