შაქარაშვილის საქმის პროკურორი - გიგა ტატიაშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მსხდომი ყველა პირი მცხეთის მაგისტრალზე ჩხუბში ჩართული იყო
გიგა ტატიაშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მსხდომი ყველა პირი, მცხეთის მაგისტრალზე მომხდარ დაპირისპირებაში ჩართული იყო, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა მოწმე გიგა ტატიაშვილის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მცხეთის სასამართლოში დახურულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ასევე თქვა, რომ ტატიაშვილმა დაადასტურა, მასთან ერთად ბრალდებულ ნიკა ჟვანიას ხელში ეჭირა ხელკეტი, რომელიც კონკრეტულ პირს მოუქნია.
„მოწმემ განმარტა ნიკა ჟვანიას მოქმედება, კერძოდ რკინის ხელკეტთან დაკავშირებით – მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ თბილისისკენ გაიქცა. მოწმემ მოახდინა აღნიშნულის იდენტიფიცირება. მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით, მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავრტომობილში.
თითოეულ მგზავრთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ იყვნენ ადგილზე, სადაც იყო ჩხუბი, რა დროსაც ერთი პიროვნება წაიქცა და ხედავდა მისი მიმართულებით ხელების და ფეხების მოქნევას. მისი ჩვენებით, ხედავდა, რომ ყველა პირი იყო წაქცეული პიროვნების ირგვლივ და ხედავდა ხელების, ფეხების მოქნევას. მოწმემ დაადასტურა ყველა პირის ჩხუბში ჩართულობა. გიგა ტატიშვილი ამჟამად რა თქმა უნდა, არის ბრალდებულის სტატუსით. აღნიშნულ პიროვნებას აქვს უფლება, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ინფორმაცია. მან მისი უფლებების დაცვით მიაწოდა აღნიშნული ინფრმაცია სასამართლოს. დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა რკინის ხელკეტი, რომელიც მოიქნია ერთი პიროვნების – კონსტანტინე ღიბრაძის მიმართულებით. მას წარედგინა ვიდეო ჩანაწერები, სადაც მოახდინა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება. ვიდეოჩანაწერების დროს მოახდინა აღნიშნული პირების იდენტიფიცირება“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.
გიგა ტატიაშვილს შაქარაშვილის საქმეზე იგივე ბრალდება აქვს, რაც ექვს არასრულწლოვანს, თუმცა ტატიაშვილისა და მასთან ერთდ ბრალდებული ათი სრულწლოვნის საქმეს სასამართლო ცალკე წარმოებად განიხილავს.