შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი, სასამართლომ მიიღო წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილება, რასაც გავასაჩივრებთ
შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი, სასამართლომ მიიღო წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილება, რასაც გავასაჩივრებთ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით, ბრალის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლომ წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილება მიიღო.

მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას. იმედი ახლაც გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას. ყველაზე საოცარია, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბრალის დასადასტურებლად. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მოსამართლისგან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება არ მოგვისმენია. დასაბუთება განაჩენში იქნება. ერთადერთი ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ მიიღო წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.