შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.
როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანმა შემთხვევის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გური ამირხანაშვილი მანქანით თბილისში საკუთარი ნებით წამოყვა.
არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ის ჩიქოვანის ჩვენების დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით მისცა ჩვენება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია. ისაუბრა ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე, ასევე იმაზე, თუ რა ფორმით ჰქონდა ურთიერთობა, კომუნიკაცია გური ამირხანაშვილთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს შესთავაზეს წამოყვანა, რადგანაც იყო მარტო და იმ ღამეს პანდემიის გამო შეზღუდული იყო გადაადგილება. წამოყვანაზე დათანხმდა, საკუთარი სურვილით ჩაჯდა მანქანაში. კონკრეტულად ვინ შესთავაზა, მოწმეს არ დაუკონკრეტებია. გარკვეულ გარემოებებზე იყო საუბარი, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, მოწმე ვახტანგ ჩიქოვანმა თქვა, რომ ამირხანაშვილს ჰქონდა საშუალება, შაქარაშვილი მოეძებნა, თუმცა ინიციატივა არ გამოიჩინა.
„მოწმე ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამირხანაშვილმა ადგილზე მეგობრები ვერ ნახა. ჩიქოვანმა დასანანად თქვა, მას რომ მიეცა საშუალება, რომ მოეძებნა შაქარაშვილი, დღეს იგი ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ამის შესახებ მან ინიციატივა არ გამოიჩინა და უარი თქვაო. ამის შემდეგ განმარტა, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ის მიიყვანეს დიდუბეში“, – განაცხადა დალი იმნაიშვილმა.
რაც შეეხება დღეს საქმეზე მოწმის სახით გამოცხადებულ სამ ბრალდებულს, მათ ამ ნაწილში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.