შალვა თადუმაძე - პრემიერი ელოდება დაზარალებულ ოჯახს ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იქნებიან მხოლოდ დაზარალებული ოჯახები ადვოკატებთან ერთად, შეხვედრას პოლიტიკოსები არ დაესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამოვიდა.
„პრემიერი ელოდება დაზარალებულ ოჯახებს ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად“, – განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძე გაესაუბრა ადმინისტრაციასთან მყოფ შვილმკვდარ მშობლებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ იმყოფება და აცხადებს, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ცოტა ხნის წინ, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაურეკა ზაზა სარალიძემ და სთხოვა მისულიყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილმკვდარ მშობლებთან ერთად. ადგილზე სხვა პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.