შალვა თადუმაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება
საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების პროცესი ოთხ ეტაპად დაიყოფა. პირველ რიგში განხორციელდება საკადრო ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება. საუბარია იმ სამინისტროებზე, რომელიც შერწყმა-გაერთიანებას საჭიროებს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც უახლოეს მთვრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი, პარლამენტში გაიგზავნება განსახილველად. კანონპროექტის მიღების შემდეგ, უკვე განხორციელდება შერწყმა-გაერთიანების პროცედურა, რის შემდეგაც დაინიშნება მთვრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტში ნდობის განსაახლებლად შესაბამის საპარლამენტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას.
თადუმაძის თქმით, ამის შემდეგ, გაერთიანებული სამინისტროები კანონის დადგენილი წესით, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცედურას გამოაცხადებენ და დასრულდება ის პროცესი, რომელიც დღეს იქნა დაანონსებული.
მისივე განცხადებით, იმ სამინისტროს, რომლის სახელის ცვლილებაც საჭირო იქნება თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ბუნებრივია სახელი შეეცვლება.
„მთავრობა აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, ნებისმიერი საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდება, ჯდება იმ ოდენობაში, ნდობის საკითხი არ დადგეს პრობლემად. ამდენად, მთავრობა საკანონდმებლო ცვლილებების და ახალი ნდობის მოპოვებისთვის წარდგენამდე ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს საქმიანობას.
ნდობის გამოცხადების პროცესი სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება“,- აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გააკეთა.