შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ საპროკურორო საბჭო შალვა თადუმაძის კანდიდატურას შეარჩევს
შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ საპროკურორო საბჭო შალვა თადუმაძის კანდიდატურას შეარჩევს

შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, „პროკურატურის შესახებ“ კანონი არის ცუდი და გამოსწორებას საჭიროებს.

შავგულიძის განცხადებით, საზოგადოებამ სათანადოდ არ იაქტიურა და არ წარადგინა საზოგადოების ნდობით აღჭურვილი კანდიდატები.

„თუ სამი-ოთხი კარგი კანდიდატი იქნებოდა წარდგენილი, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებოდათ, ხელისუფლება ან იძულებული გახდებოდა, მართლაც განეხილა ეს კანდიდატურები, ან გადაიხდიდა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს. ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“, – აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის შანსი ამ ვითარებაში თითქმის ნულოვანია.

„არ არის გამორიცხული, თავად მინისტრმა არ აიღოს ოპოზიციური კანდიდატის დაბლოკვის პასუხისმგებლობა და გადააგზავნოს მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში, თუმცა საპროკურორო საბჭო ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა და მიიღებს იმ კანდიდატზე გადაწყვეტილებას, რომელზეც მიიღებს მითითებას. ერთ-ერთ ასეთ რეალურ კანდიდატად ვხედავ შალვა თადუმაძეს“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მისივე განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.