შალვა შავგულიძე - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმება თუ მოხერხდება, ნუ გამოვრიცხავთ, პარლამენტში ამნისტიის ერთი კანონპროექტი შევიდეს
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმება თუ მოხერხდება, მოსალოდნელია და ნუ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტში ამნისტიის ერთი კანონპროექტი შევიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
როგორც შავგულიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია ამნისტიის კანონის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს.
„ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ვმუშაობთ ამნისტიის ჩვენეულ ვარიანტზე.
გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. მადლობა მათ ამ შეხვედრისთვის.
ვიდრე ოპოზიცია საბოლოო ვარიანტს არ შევიმუშავებთ და არ გვეჭირება ხელში ბოლო პოზიცია, მანამდე დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი. მოსალოდნელია და ნუ გამოვრიცხავთ ერთი დოკუმენტი შევიდეს ამნისტიის, თუ მოხერხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ყველა არსებითად ძირითად საკითხზე შეთანხმება. ეს იქნება ძალიან კარგი, ეს უპასუხებს ამ შეთანხმების სულისკვეთებას, რისთვისაც დიდი შრომა გასწიეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. თუ ვერ მოხერხდება და განსხვავება იქნება ჩვენი და ხელისუფლების პოზიციებს შორის, მაშინ ალბათ შევა ორი ვარიანტი – ერთი ჩვენი, ერთი ხელისუფლების და იქნება მსჯელობა, რომელს მიიღებს პარლამენტი“, – განაცხადა შავგულიძემ.