შალვა შავგულიძე - გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მთაწმინდიდან დავიწყოთ ამ ხელისუფლების ცვლილება და დავიწყოთ არჩევნების გზით
გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მთაწმინდიდან დავიწყოთ ამ ხელისუფლების ცვლილება და დავიწყოთ არჩევნების გზით, – ასე მიმართა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ ამომრჩევლებს და აქტიურობისკენ მოუწოდა.
შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე ხელისუფლების გამართლებას ცდილობს.
„ძვირფასო მთაწმინდის ოლქის ამომრჩევლებო, თქვენ უსმენთ ამ დებატებს და ხედავთ, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ – დღეს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბატონი ლადო, ჩემი ოპონენტი – ყველაფრის გამართლებას.
როდესაც შევეკითხე, რამდენად გამართლებულია უსამართლობის მქნელი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, მას შემდეგ, რაც მათ სამოსამართლეო ვადა ამოეწურათ, ბატონმა ლადომ არ გაამტყუნა ამაში „ქართული ოცნება“.
შევეკითხე, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი, მთაწმინდელების და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გაიაფდა თუ გაძვირდა გადასახადები, გაიაფდა თუ გაძვირდა პროდუქტები, მედიკამენტები და ასე შემდეგ. ამაზეც ბატონი ლადო ამბობს, რომ ჩვენი მოსახლეობა გმირულად მოითმენს ყველაფერს, რაღაც ბედნიერი მომავლის იმედად.
ასე რომ, ამ ხელისუფლებას და ამ პოლიტიკურ ძალას არც დღემდე გაუკეთებიათ არაფერი სასიკეთო ქვეყნისთვის და მით უმეტეს, ვერც პერსპექტივას ვხედავთ, რადგან ვერ ვისმენთ დღეს ბატონი ლადოსგან, რას გააკეთებს მომავალში მაინც, იმედი რატო უნდა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ძვირფასო მთაწმინდელებო, მთაწმინდის ოლქის ამომრჩევლებო, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მთაწმინდიდან დავიწყოთ ამ ხელისუფლების ცვლილება და დავიწყოთ ეს არჩევნების გზით. ამისათვის საჭირო არ არის ძალიან დიდი ძალისხმევა, უბრალოდ, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში, უფრო მეტნი მივიდეთ საარჩევნო უბნებში და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის სასიკეთოდ, ცვლიებებისთვის“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.