შალვა შავგულიძე - ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უმთავრესი საზრუნავი სამართალი იქნება
ჩემი უმთავრესი საზრუნავი სამართალი იქნება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა.
„წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ ძალიან კარგი რეფორმები დავიწყეთ სამართლის სფეროში – სასამართლოს, პროკურატურის, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა არ მოგვცეს ამ რეფორმების ბოლომდე გატარების შესაძლებლობა. ვხედავდით, როგორ იშიგნებოდა კარგი საკანონმდებლო ინიციატივები და ზოგიერთის უკან გათხოვაც კი ხდებოდა. ამიტომ, ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის თავზე, ორი წლის განმავლობაში, პროკურატურის კანონთან, სასამართლოს რეფორმის შესაბამის კანონებთან და მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონფლიქტში შესვლა მიწევდა საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის წევრიც ვიყავი. როდესაც დავინახე, რომ მათ ვერ ვარწმუნებდი, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი და ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნის შესაბამისად „ქართული ოცნება“ უსამართლობის გზას მყარად დაადგა, ხელისუფლება დავტოვე და ოპოზიციაში წამოვედი“, – განაცხადა შავგულიძემ.
ამ განცხადებით შალვა შავგულიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა კონკრეტული ინიციატივების დასაყენებლად მიდის პარლამენტში იმ მოკლე ვადაში, რაც შუალედურმა არჩევნებმა მისთვის გაამწესა.
როგორც შავგულიძემ აღნიშნა, მას და მის გუნდს დამუშავებული აქვს სასამართლოს რადიკალური რეფორმის კონცეფცია, რომელიც გარკვეული ნაწილებისგან შედგება.
„პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებ შესაბამისი ნაწილების ინიცირებას, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე საზრუნავია პროკურატურის რეფორმა, გამოძიების სფეროს რეფორმირება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების სფერო, ე.წ. მოსმენები, ვინაიდან ვხედავთ, რა ბოროტად იყენებს „ქართული ოცნება“ ამ მექანიზმს, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მაინც დაიტოვა თავისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა შავგულიძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ თუ საკანონმდებლო ჩარევა გახდება საჭირო, ის იზრუნებს, პარლამენტი მთაწმინდელთა ადგილობრივი, ლოკალური საკითხების გადაწყვეტაშიც გამოიყენოს.