შალვა შავგულიძე - ამ ხელისუფლებამ გადაიბარა ნეგატივი წინა ხელისუფლებისგან, ამის ნათელი მაგალითია, რომ უვადოდ განამწესა წინა ხელისუფლების მსახურებით გამორჩეული მოსამართლეები
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაურღვია მერაბიშვილს კონვენციით გათვალისწინებული უფლება,- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხზე გამართულ დებატებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
შალვა შავგულიძეს ლადო კახაძემ მიმართა კითხვით, რომელიც ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალიასა და მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.
„არიან თუ არა სწორად ვერდიქტგამოტანილი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია. მე ვიცი, რომ ბატონი შალვა სამართლიანობისთვის იბრძვის და ეს არის მისი მოთხოვნა. რით ვერ დაკმაყოფილდა მისი სამართლიანობისთვის ბრძოლა. სულ მაინტერესებს, მის მიერ დასჯამოთხოვნილი და დღეს ამ ხელისუფლების მიერ დასჯილი და ვერდიქტგამოტანილი ადამიანები, როგორიც არის სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, არიან თუ არა სწორად დასჯილი“,- აღნიშნა კახაძემ.
„სასამართლომ თქვა, რომ პატიმარ მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული ზომები არ ყოფილა ნაკარნახევი ლეგიტიმური სამართალწარმოების მიზნებით, არამედ არის ნაკარნახები სხვა მიზნებით. ზუსტად ამან გააჩინა ის გარემოება, რომ შესაძლებელი გახდა პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივ მანიპულაციაზე საუბარი. ახლა რაც შეეხება განსხვავებას მურუსიძეს და ვთქვათ, ბოკერიასა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის, ვისთან ერთადაც მე მაქვს პოლიტიკური პარტნიორობა. საქმე იმაშია, რომ „ევროპული საქართველო“ და ჩვენ ვთანხმდებით წარსულის შეფასებაში. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო მიუღებელი და დანაშაულებრივი, რაც მაშინ მოხდა, ხოლო მურუსიძე ამბობს, რომ სწორი იყო გადაწყვეტილებები, რასაც ის მაშინ იღებდა და ეს გადაწყვეტილებები სხვა არაფერია, თუ არა მაშინდელი ხელისუფლების მსახურება. ეს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ასე რომ, აქ განსხვავება ძალიან დიდია – ერთი მხარე, „ევროპული საქართველო“ ამბობს, ცუდია უსამართლობა, აღარ უნდა დავუშვათ და მურუსიძე კი იგივეს ამართლებს და აგრძელებს“,- განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძის თქმით, ამ ხელისუფლებამ გადაიბარა ნეგატივი წინა ხელისუფლებისგან და ამის ნათელი მაგალითია, რომ უვადოდ განამწესა სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების მსახურებით.
„რადიკალურად განსხვავებულად ვუყურებ ამ პროცესს, ვიდრე – თქვენ. უსამართლობა მიუღებელი იყო როგორც წინა, ასევე მიუღებელია ამ ხელისუფლების პირობებში. ვხედავ, რომ ამ ხელისუფლებამ გადაიბარა სწორედ ეს ნეგატივი წინა ხელისუფლებისგან და ამის ნათელი მაგალითია, რომ ამ ხელისუფლებამ უვადოდ განამწესა სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების და არა სამართლისა და კანონის მსახურებით. შემიძლია, კონკრეტულად დავასახელო იმ საქმეების მოსამართლეები, რომლებშიც მე, როგორც ადვოკატი ვმონაწილეობდი. ესენი არიან ბატონი მურუსიძე, ბატონი კაპანაძე, ქალბატონი გიგიტაშვილი, გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეების მოსამართლეები. სწორედ ისინი დანიშნა უვადოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ ლოგიკურ შედეგს სეთი მიდგომის, ჩვენ ვხედავთ ისევ შვილმოკლულ მამებს რომლებიც ქუჩაში მდგომნი ითხოვენ სამართალს უკვე დიდი ხანია. საქმე ძალიან მარტივად არის – სადაც იყო დანაშაული, შვიდი წლის მანძილზე გამოძიება, პროკურატურა და სასამართლო „ქართული ოცნების“ ხელთ არის და მას უნდა მოეთხოვა პასუხი. მეკითხებიან, ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი და რაღაც ასეთი კითხვები. საქმე იმაშია, რომ მარტივად გიპასუხებთ, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ეს იყო საფუძვლიანი და სამართლებრივად ლეგიტიმური ბრალდება, ამართლებულია მსჯავრდება. მაგრამ, პატიმარ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლება და ევროპულმა სასმართლომ აღიარა, რომ გამოყენებული ზომები არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულებას“,- განაცხადა შავგულიძემ.