შალვა პაპუაშვილი - ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას, ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ სიძულვილის ნორმალიზება, საქებარ საქმედ ქცევა, მიგვიყვანდა ტრაგიკულ შემთხვევამდე
შალვა პაპუაშვილი - ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას, ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ სიძულვილის ნორმალიზება, საქებარ საქმედ ქცევა, მიგვიყვანდა ტრაგიკულ შემთხვევამდე

ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდებისა და ფიქრების.

ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღისა და ძალადობის კამპანიას.

ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – „მე ვესროლე“ კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.

ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„იმედის“ ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.