შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება, ზოგიერთ ოპოზიციონერს ევროპა და ევროპულობა განსხვავებულად ესმის
მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება, ზოგიერთ ოპოზიციონერს ევროპა და ევროპულობა განსხვავებულად ესმის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ევროპა სხვანაირად ესმის.
„მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. პარლამენტის ბოლო სხდომას არ ესწრებიან: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, რომან გოცირიძე, ფრაქცია „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ სრული შემადგენლობით და პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ სრული შემადგენლობით.
ამასწინათ ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა, „პროევროპული ოპოზიცია“. შემდეგ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მომავალ პარლამენტში მანდატი სთხოვო ხალხს და მანდატი, რომელიც ახლა გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ის უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით, რა არის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა. ჩვენ ევროპა გვესმის ისე, რომ ადამიანმა საქმეს უნდა მოახმაროს ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებს ამ მანდატის განხორციელებისთვის. როგორც ჩანს, ზოგიერთ ოპოზიციონერს სხვა წარმოდგენა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.