შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება პრეზიდენტისგან ელოდება სიმშვიდისკენ მოწოდებას, ხოლო პოლიცია - მხარდაჭერას და არა დემონსტრანტების წაქეზებას
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება პრეზიდენტისგან ელოდება სიმშვიდისკენ მოწოდებას, ხოლო პოლიცია - მხარდაჭერას და არა დემონსტრანტების წაქეზებას

პრეზიდენტს პოსტი ჰქონდა სოციალურ ქსელში, სადაც ვიდეო დადო, რომელსაც ასე წაუმძღვარა – სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებიო, ეს არ იყო სათანადო განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ეს სირენები გულისხმობდა იმას, რომ იქ, შორიახლო ტერიტორიაზე ხდებოდა ძალადობა და პოლიციას უწევდა სპეციალური ღონისძიების ჩატარება, რათა აღედგინა მართლწესრიგი. ამაზე იმის თქმა, თითქოს ეს არის მელოდია, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა იცეკვოს, ნიშნავს, მათ შორის, ახალგაზრდების წახალისებას, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას. ვფიქრობ, ეს არ იყო სათანადო განცხადება. ამ მომენტში, რა თქმა უნდა, საზოგადოება პრეზიდენტისგან მოელის სიმშვიდისკენ მოწოდებას, ხოლო პოლიცია მოელის მხარდაჭერას. თქვენ ნახეთ, რომ ამ დროს მძიმე აღჭურვილობაში იმყოფება პოლიცია, რომელსაც უწევს აგრესიის მიღება საკუთარ თავზე. როდესაც საპოლიციო ღონისძიება ხორციელდება, ხორციელდება იმიტომ, რომ არის აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც აგრესიას გამოხატავს და ძალადობაზე გადადის. ამ აგრესიას თავის თავზე იღებს პოლიცია, უწევს პროფესიული პასუხი, შესაბამისი ზომების მიღება და, რა თქმა უნდა, პოლიცია პრეზიდენტისგან მოელის მხარდაჭერას და არა დემონსტრანტების წაქეზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადების მოტივებს ვერ შეაფასებს, თუმცა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე თავდასხმა და ძალადობა მიდის, ამ დროს პრეზიდენტის მხრიდან მსგავს განცხადებაზე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო აუცილებელი.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პრეზიდენტს თუ მოქალაქეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ, ძალადობას და პოლიციის შრომის დაუფასებლობას არაფერი ამართლებს.

„შეიძლება, სხვადასხვა ჯგუფი ბევრ რამეს აპროტესტებდეს, რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ პროტესტს აქვს თავისი გამოხატვის ფორმა და როდესაც ის გამოხატვის კანონიერ ჩარჩოებს სცდება, ეს უკვე ძალადობაა და ამას არაფერი არ ამართლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ჯერ ინიცირებული არ იყო და პრეზიდენტი დოკუმენტის შინაარსს არც იცნობდა, ისე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა კანონპროექტს.

„არ მგონია, პრეზიდენტი განცობილი ყოფილიყო მის შინაარსს, თუ არ ვცდები და ისე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა ამ კანონპროექტს. განაცხადა ისე, რომ ის არც კი იცნობდა შინაარსს. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საკითხზე პრეზიდენტთან კომუნიკაცია, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსგავსი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ესეც არის ხელისუფლების გამიჯვნის საკითხი, რომ პრეზიდენტს აქვს საკუთარი უფლებამოსილებები და კომპეტენცია, პარლამენტს კი – თავისი. გამიჯვნა ამასაც გულისხმობს და ეს მნიშვნელოვანიც არის, რომ პრეზიდენტი, გარკვეულწილად, დისტანცირებული იყოს შინაარსობრივი განხილვისგან, ვინაიდან თუ პრეზიდენტი საპარლამენტო განხილვის დროს ზედმეტად შევა შინაარსობრივ განხილვაში, ის შეიძლება, დადებითი ან უარყოფითი გაგებით მიკერძოებული გახდეს თავად დისკუსიის ან პროექტის მიმართ, როგორც დისკუსიის მონაწილე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არის დისტანცირებული საკანონმდებლო პროცესს, და დედამიწაზე ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია, მიიღოს ქართული კანონი, გახლავთ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი“, – განაცხადა პაპაუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის იდეა იყო უმარტივესი, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი მათ შესახებ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ ან მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მოქალაქეების ცხოვრებას ეხება და გამოდის, პრეზიდენტი ამ იდეას უცხადებდა ვეტოს.