პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა 87 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
საკონკურსო კომისია ცხრა წევრისგან შედგება – გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი, შორენა შავერდაშვილი.
დადგენილების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს, მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ახალი რეგულაციები ძალაში პირველი ივლისიდან შედის.
„წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება იმ წესს, რომელსაც ვცვლით სამომავლოდ. აქვე, ხაზს გავუსვამ, რომ რეგლამენტის ცვლილებები პირველი ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამისად, მიმდინარე კონკურსს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წევრობა არ შეეხება. ამიტომ გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს. კომისია ცხრა წევრისგან შედგება და მისი შემადგენლობა არის შემდეგი: გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი, შორენა შავერდაშვილი. კომისიის წევრები შერჩეულ იქნა შესაბამის სუბიექტებთან კონსულტაციის გზით; ვგულისხმობ იმ სუბიექტებს, ვისაც ზოგადად აქვთ უფლება, რომ დაასახელონ კანდიდატები – საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სახალხო დამცველი და ასე არის შედგენილი ეს კომისია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.