ცვლილებათა პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებათა პროექტი, რომელშიც ერთ-ერთი ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევას.
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, სხვადასხვა პროცედურული საკითხის დახვეწასთან ერთად, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ.
ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად საუბარია სამ კვოტაზე – ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, ორი კი, საპარლამენტო ოპოზიციიდან.
„არსებული რეგულაცია არის შემდეგი – ცხადდება კონკურსი და მსურველებს შემოაქვთ განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის შესარჩევ კომისიას. კანონის მიხედვით, თითო ვაკანსიაზე უნდა იყოს სამი კანდიდატურა მაინც, რაც ნიშნავს, რომ თითო ვაკანსიაზე სამი განცხადება თუ არ არის, კონკურსი ჩავარდნილია. ეს არის ერთ-ერთი ბარიერი. უნდა იყოს სამი განცხადება. შემდეგ კომისია განიხილავს კანდიდატურებს, აქვს გასაუბრება, წერს რეკომენდაციას და შეფასებებს. ამ შეფასებების შემდეგ სუბიექტები, ოპოზიცია იქნება ეს, თუ უმრავლესობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თუ სახალხო დამცველი, უნდა შეარჩიოს მისთვის მისაღები სამი კანდიდატი და წარუდგინოს პლენარულ სხდომას ასარჩევად.
პლენარულ სხდომაზე სამი კანდიდატიდან ვინც იღებს 76 ხმას, ის ხდება მეურვე. ოპოზიციის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 76 ხმა თუ ვერ მიიღო რომელიმე კანდიდატმა, 50 ხმას მაინც ვინც მიიღებს, ის გახდება მეურვე და ამ შემთხვევაში, ეს ოპოზიციის დამცავი მექანიზმია. გამოდის, რომ მიმდინარეობს ცალკე პარალელური პროცესი, საიდანაც უნდა შეარჩიონ მეურვეობის კანდიდატები. თუმცა, რეალობაში ყველა უყურებს, ვინ არის მისი სავარაუდო კანდიდატი და ვისი ნახვა სურს სამეურვეო საბჭოში. 2014 წლიდან არსებობს ეს რეგულაცია და ჩანს, რომ კომისია უნდა ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ა.შ. რეალურად აქაც იკითხება, რომ იყო მცდელობა, შეეზღუდათ პარლამენტის სუვერენიტეტი, თავად დაადგინოს პროცედურები, გარე ჩარევების გარეშე. არსებობს ოფიციალური კვოტა და, რეალურად, სხვა არჩევს ამ კვოტას, რაც თავისთავად უკვე აბსურდია.
კვოტა გულისხმობს, რომ მას შეუძლია, დაასახელოს კანდიდატურა. ამიტომ შემოთავაზება არის შემდეგი – ეს პროცესი დავაახლოოთ საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპთან, საპარლამენტო სუვერენიტეტთან და პარლამენტმა ჩვენივე პროცედურებით ჩვენ თვითონ ვმართოთ. შემოთავაზება ასეთია – თუკი არის ვაკანსია სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც, იმ სუბიექტმა თავად შეარჩიოს და წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა. ვისიც არის კვოტა, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასახელოს ერთი კანდიდატურა ერთ ადგილზე, შემდეგ ამ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს დოკუმენტაციის დონეზე, შეესაბამება თუ არა კანდიდატურა ამ პოზიციას – მოქალაქეობა, ასაკი, ა.შ. ფორმალური კრიტერიუმებით. თუ აკმაყოფილებს, შემდეგ ჩაატარებს გასაუბრებას კანდიდატურასთან. კომიტეტი მიიღებს თავის დასკვნას, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს პლენარული სხდომისთვის. პლენარულ სხდომაზე გამოვა ერთი კანდიდატი ამ ერთი სუბიექტის კვოტის ფარგლებში. უკვე პლენარულ სხდომაზე კანდიდატურას კენჭი ეყრება მოქმედი პროცედურით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.