შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას, საბოლოო ჯამში, რამე ხინჯიც კი ვერ მოუძებნა ვერავინ
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას, საბოლოო ჯამში, რამე ხინჯიც კი ვერ მოუძებნა ვერავინ

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას, საბოლოო ჯამში, რამე ხინჯიც კი ვერ მოუძებნა ვერავინ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მათ შორის, ცვლილებას მხარი დაუჭირეს, თუ არ დაუჭირეს, კამერებს მიღმა ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წესი არის გამჭვირვალე და იძლევა შესაძლებლობას, ჩაერთოს ნებისმიერი მსურველი, ვისაც აქვს სურვილი, თავისი კანდიდატურა დააყენოს. ამავე დროს, ეს არის გარკვეული გზა იმისთვის, რომ კვალიფიციური უმრავლესობა შედგეს. საერთო ჯამში, ეს გამოწვეულია კვალიფიციური უმრავლესობის საჭიროებით. ზოგადად, მე ნამდვილად არ მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება კვალიფიციური უმრავლესობის მიმართ. თავის დროზე, პარლამენტში ამაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა და მთლიანად ევროკავშირში სულ სამ ქვეყანაშია თითო-თითო შემთხვევა, როდესაც პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევს რომელიღაც თანამდებობის პირს. მეტი არსად არ არის, ასეულობით სხვადასხვა თანამდებობის პირს ირჩევს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა და სულ არის სამი ასეთი შემთხვევა. ისინიც მოიფიქრებდნენ, თუ ეს კონსენსუსისთვის არის კარგი, მაგრამ სხვაგან იმიტომაც არ არის, რომ სინამდვილეში, ეს არის არა კონსენსუსის მიღწევის ინსტრუმენტი, სადაც ერთ იდეალურ კანდიდატზე თანხმდება ბევრი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი უმცირესობის ხელში, რომ დაიყოლიოს უმრავლესობა. ანუ, ისეთი კანდიდატი გაიყვანოს, რომელიც არის უმცირესობისთვის მისაღები და უმრავლესობისთვის შეიძლება, არ იყოს მისაღები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მოდელი, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნა შეთავაზებული, არის ის, რომ მინიმუმ, უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი, თორემ აქამდე და მათ შორის, წინა ომბუდსმენის არჩევის შემთხვევაში იყო აბსოლუტურად დახურული პროცესი.

„იცით, რომ დღეს პარალელური პროცესი წამოიწყეს და მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდნენ კანდიდატზე. ეს არის აბსოლუტურად გაუმჭირვალე, დახურული პროცესი. რა ნიშნით, არავინ არ იცის, მაგრამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ისინი, ვინც ერთმანეთთან მეგობრობენ, შეიკრიბნენ, სხედან, საუბრობენ და ვიღაცებზე ფიქრობენ. არავის არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი ინიციატივით შეიტანოს განაცხადი, ჩემი კანდიდატურა განიხილეთო და არის ასეთი დახურული, არაგამჭირვალე და არამოცულობითი პროცესი იმ კუთხით, რომ ყველას არ შეუძლია, ჩაერთოს ამაში. ამის საპირისპიროდ, რაც ახლა პარლამენტში დაიწყო, არის ის, რომ 29 სექტემბრის ჩათვლით ყველა მსურველს შეუძლია, მომართოს პარლამენტს და გამოთქვას სურვილი, რომ იყოს განხილული კანდიდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ცხრაკაციან სამუშაო ჯგუფში არ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც განიხილება, ან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური აქტივისტი.

„გვინდა, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეპუტაცია შესაბამის წრეებში და მათ შორის, აქვთ უნარი, რომ შეაფასონ სხვები. ეს ცხრაკაციანი ჯგუფი საკუთარ შეფასებებს დადებს ისე, რომ არავის არ დაბლოკავს, არანაირი რეიტინგი არ შედგება და შემდეგ, აქედან, შესაბამისი სუბიექტები პარლამენტში დაასახელებენ სულ მცირე შვიდ კანდიდატს. „ქართული ოცნება“ ამ დასახელებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ფრაქცია, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ან შვიდკაციანი ჯგუფები დაასახელებენ სულ მცირე შვიდ კანდიდატს, სადაც მერე უკვე ჩაერთვება უმრავლესობა და ამ შვიდი კანდიდატიდან ერთ-ერთზე გააკეთებს არჩევანს. სულ მცირე შვიდს ვამბობ, თორემ შეიძლება, შვიდზე მეტი კანდიდატიც იყოს, ათი, ან თხუთმეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია უმრავლესობას მისაღებ კანდიდატებს შესთავაზებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას აწყობს, პროცესი ჩააგდოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებს პრობლემა შეუქმნან და ამით ხელისუფლება დააზიანონ, რომ ხელისუფლებაში თავად მოვიდნენ, მაგრამ თუ ოპოზიცია პასუხისმგებლობას იგრძნობს, თანმხობის მიღწევა შეიძლება.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს შეხება აქვს ადამიანებთან, ვისაც რაღაც გაჭირვება აქვს და ომბუდსმენმა მათი გასაჭირი აუცილებლად უნდა მიიტანოს გულთან, შესაბამისად, ის თავისთავად იქნება კრიტიკული, მაგრამ სახალხო დამცველი ბარიკადებზე არ უნდა იდგეს.

„ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ დაუშვებელია, ომბუდსმენი იდგეს ბარიკადებზე. აი, ეს არის მთავარი. ომბუდსმენი არ უნდა საუბრობდეს ბარიკადიდან. პოლიტიკური აქტივისტები ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. საბოლოო ჯამში, როდესაც ომბუდსმენი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ აქტივისტად აღიქმება, ეს არის ცუდი თავად ინსტიტუტისთვის, ინსტიტუტის მიმართ ნდობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.