შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებები სასაცილოა, მათი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი წევრი არ იქნებიან არჩეული სრული ვადით
შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებები სასაცილოა, მათი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი წევრი არ იქნებიან არჩეული სრული ვადით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებები სასაცილო და უპასუხისმგებლოა. ამ ორგანიზაციამ, რომელიც ახლა ითხოვს, კანდიდატის შერჩევის კომისია დაბრუნდეს პრეზიდენტთან, ბოიკოტი გამოუცხადა ამ კომისიას, როდესაც პრეზიდენტთან იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სასაცილოა, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახლა ითხოვს, რომ აღნიშნული კომისია დაბრუნდეს პრეზიდენტთან.

„მათი განცხადებები ერთადერთ რამეს აჩევენებს, მათი მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობის არსებობა და არა ის, რომ ცესკო დაკომპლექტდეს, საბოლოო ჯამში, არამედ პირიქით, ზუსტად ეს ორგანიზაციები არიან შეკრული, მათ შორის, ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს და 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი ორი წევრი იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სრული ვადით არჩეული. ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ყველას საკუთარი თავი ადგას მხრებზე. ვენეციის კომისიის დასკვნები კი ნუ მოჰყავთ, საკუთარი არგუმენტი რა აქვთ, ამაზე ისაუბრონ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს არის საუკეთესო მაგალითი მანკიერი წრისა, რომელიც ხანდახან იკვრება ხოლმე. ვენეციის კომისიას ერთი საკუთარი მოსაზრება, არგუმენტი არ აქვს მოტანილი ძველი წესის აღდგენასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ რამეს, 19 აპრილის შეთანხმებას და ყოველ ჯერზე მიუთითებს, რომ ეს არის არა ვენეციის კომისიის მოსაზრება და რეკომენდაცია, არამედ ამბობს, რომ თუ თქვენ რაღაც წესზე შეთანხმდით, მაშინ კარგია, თუ ამ წესს მიჰყვებითო. ჩვენი პასუხი ამაზე არის მარტივი, 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, ასეთი შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არის ანულირებული. შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც აღარ არსებობს. არცერთ ქვეყანაში, ის სისტემა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო, არ არსებობს. ეს იყო მედატორის მიერ შემოტანილი პუნქტი. კანონებს საქართველოში იღებს საქართველოს პარლამენტი და არა ვენეციის კომისია, ამიტომ, სულ მცირე, საკუთარ მანდატს და ამომრჩეველს უნდა სცენ პატივი, უნდა ისაუბრონ არა ის, რომ ვიღაცის რჩევა არის, არამედ საკუთარი არგუმენტი მოიტანონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განაცხადეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.