შალვა პაპუაშვილი - რეფორმებსა და სახელმწიფოს მოწყობაზე თუ ვსაუბრობთ და შევადარებთ საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ბევრს ვუსწრებთ, ამ კუთხით სარეფორმო ბევრი არაფერია
შალვა პაპუაშვილი - რეფორმებსა და სახელმწიფოს მოწყობაზე თუ ვსაუბრობთ და შევადარებთ საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ბევრს ვუსწრებთ, ამ კუთხით სარეფორმო ბევრი არაფერია

პრობლემაა, რომ რეფორმები ხშირად საბაბად არის გამოყენებული, ეს არის გარკვეული მოძრავი სამიზნე, რომელიც ყოველ ჯერზე, რაც უფრო წინ მივდივართ, ინაცვლებს, უფრო შორს და შორს მიდის ჩვენგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა: „აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, წინ წაწიონ ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები“.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც აკლია საქართველოს და ასევე უკრაინის წინსვლას ნატო-ს შემდეგ ეტაპზე, თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა.

„რეფორმებსა და სახელმწიფოს მოწყობაზე თუ ვსაუბრობთ და შევადარებთ საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით, ახალ წევრ ქვეყნებს, ჩვენ ბევრს ვუსწრებთ. ამიტომ ამ კუთხით აქ სარეფორმო ბევრი არაფერი არ არის. პრობლემა არის ის, რომ რეფორმები ხშირად საბაბად არის გამოყენებული. ეს არის გარკვეული მოძრავი სამიზნე, რომელიც ყოველ ჯერზე, რაც უფრო წინ მივდივართ, ინაცვლებს, უფრო შორს და შორს მიდის ჩვენგან. როდესაც მოძრავი სამიზნეა, რთულია, ამ მიზანს მიაღწიო. ერთადერთი, რაც აკლია ჩვენს და ასევე უკრაინის წინსვლას ნატო-ს შემდეგ ეტაპზე, თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა. საქართველო უკვე დიდი ხანია, მზად არის შემდეგი ეტაპისთვის. უკრაინა, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ადასტურებს, რომ ასევე არის მზად შემდეგი ეტაპისთვის. არაფერი ამ საკითხს არ აკლია, გარდა თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებისა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს იყო მზად და იმსახურებდა, მაპი მიეღო.

„სამწუხაროდ, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. იმის შემდეგ იყო ბევრი აღიარება, რომ კონკრეტული ქვეყნები პოლიტიკურად უშლიდნენ ხელს ამ გადაწყვეტილებას და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც კანდიდატის სტატუსის საკითხზე ვსაუბრობთ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს აკლია ევროკავშირის თუ ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის მზაობა და სითამამე. როგორც კი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ექნებათ ამის სითამამე და მზაობა, არანაირი დაბრკოლება რაიმე კრიტერიუმების სახით სინამდვილეში არ არსებობს. საქართველო უკვე დიდი ხანია აკმაყოფილებს, მინიმუმ, ნატო-ს წევრობის საწყის სტანდარტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.