შალვა პაპუაშვილი - ქოლცენტრების საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირს, ასე რომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ
შალვა პაპუაშვილი - ქოლცენტრების საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირს, ასე რომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ

საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც ექვსი წელი აქვს მოსახდელი საქართველოში 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის, თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა? რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ. ეს არის სწორედ ის კითხვები, რომლებიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს – რატომ უქმნის ევროკავშირის ტერიტორია თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც შემდეგ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს? ამაზე ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არის გაქცეული ეს ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყოველ ჯერზე ჩვენ ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები საქართველოსთან, ქართულ მართლმსაჯულებასთან, ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელიც საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ამ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის ტერიტორიიდან. როდესმე ხომ უნდა დაესვას ამას წერტილი, ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველა კითხვა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მიემართება ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.