შალვა პაპუაშვილი - 14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია უკვე შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა
გიორგი ვაშაძე უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა, მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ ჯერ ის მილიონები უნდა მოითხოვონ, რომელიც თურმე კანდიდატის სტატუსით დავკარგეთ და მილიარდებზე მერე გადავიდნენ.
„უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა გიორგი ვაშაძე, დღეს ვნახეთ, რომ მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს. ოპოზიცია იქცა ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად. თან გასაკვირი პირობა ჰქონდათ, დებატებში თუ დაგვიჯდებით, გავამხელთ, რა ფონდებიაო და ისე, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, საიდან არის ეს ფონდები. ერთ რამეს შეგახსენებთ, იმავე ხალხს, იმავე პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა მოეცათ თურმე ჩვენთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, სად არის ეს მილიონები, ჯერ ამას ველოდებით, იქნებ აქედან დაიწყონ. მოითხოვონ ის მილიონები, რომლებიც გვეკუთვნის თურმე და არ მოუციათ და შემდეგ გადავიდნენ მილიარდებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.