შალვა პაპუაშვილი - პოზნერის ჯგუფის წევრებს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული და მესაზღვრე სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას
შალვა პაპუაშვილი - პოზნერის ჯგუფის წევრებს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული და მესაზღვრე სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას

მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონების მიხედვით მოქმედებს.

პაპუაშვილი ქვეყანაში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასა და ამ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოზნერის ჯგუფის წევრებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ.

„სახელმწიფოს საკმაოდ მკაცრი კანონი აქვს მიღებული უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც დარღვეული აქვთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი და ოკუპირებულ რეგიონებში ნამყოფი არიან არა საქართველოს მხრიდან, არამედ რუსეთიდან, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ეს არის გადაადგილების სერიოზული შეზღუდვა, ამიტომ ამას ყურადღება მკაცრად ექცევა. ვიცით, რომ ამ ჯგუფის წევრებს კანონი არავის არ ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მათი ქვეყანაში არშემოშვების რაიმე სამართლებრივი საფუძველი, გარდა იმისა, რომ შეიძლება, არსებობდეს პირადი სიმპათია, ანტიპათია და არის ძალიან ცუდი განცხადებები, რომელიც პოზნერს აქვს გაკეთებული… თუმცა მესაზღვრე შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეაგირებას, მათი შემოსვლა სრულად კანონის ფარგლებში მოხდა. როგორც კი კანონი დაირღვა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. ასევე, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა ის დაწესებულება, სადაც, როგორც ჩანს, წვეულების გამართვა იყო დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.