შალვა პაპუაშვილი - პარალიმპიელებო, თქვენ ასახელეთ საქართველო და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის, ხელს შეგიწყობთ, რათა ყოველთვის გქონდეთ გამარჯვებების მოპოვების შესაძლებლობა
შალვა პაპუაშვილი - პარალიმპიელებო, თქვენ ასახელეთ საქართველო და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის, ხელს შეგიწყობთ, რათა ყოველთვის გქონდეთ გამარჯვებების მოპოვების შესაძლებლობა

დიდი სიხარულითა და სიამაყით ვხვდებით სამშობლოში დაბრუნებულ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს პარალიმპიურ თამაშებზე და გული ბედნიერებით, აღფრთოვანებით აგვივსეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარალიმპიადაზე საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სპორტსმენებმა საქართველოსთვის რეკორდული რაოდენობის მედლები მოიპოვეს.

„ძვირფასო პარალიმპიელებო, თქვენი შრომით, ბრძოლისუნარიანობითა და ძლიერი სულით დაამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი წარმატების გზა მხოლოდ მედლებსა და გამარჯვებებს არ უკავშირდება, არამედ ბარიერების გადალახვასა და გამოწვევებთან გამკლავებას. თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცა, რომ სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე სულითა და გამარჯვების უშრეტი ჟინით განისაზღვრება. თქვენი წარმატება თქვენი დიდი ძალისხმევისა და, ასევე, თქვენი ოჯახების, მწვრთნელებისა და მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა ყველას, ვინც თქვენთან ერთად იყო ჩართული გამარჯვებისთვის ბრძოლაში. გულითადად გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასახელეთ საქართველო და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. კეთილი იყოს თქვენი სამშობლოში დაბრუნება. მიხარია, რომ თქვენს გამარჯვებებს ერთად აღვნიშნავთ. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა, თქვენი ისტორიები კი მომავალი თაობებისთვის იმედისა და ინსპირაციის წყაროა. ყოველთვის თქვენ გვერდით გვიგულეთ. ხელს შეგიწყობთ, რათა ყოველთვის გქონდეთ შემდგომი განვითარებისა და გამარჯვებების მოპოვების შესაძლებლობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რატი იონათამიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებით გადაგიხადოთ მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ აჩვენეთ პარალიმპიადის დროს. მსურს, განსაკუთრებით გამოვყო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის წვლილი, ამ სპორტული შეჯიბრებების მიღმაც. ყოველთვის თანაზიარი ვართ იმ პროცესების, რომელიც არის თქვენს ფედერაციაში, კომიტეტში. როგორი განვითარება და წინსვლაა, ამ შედეგებს ყველა ერთად ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.