შალვა პაპუაშვილი - მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავიანთ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, ბულინგი შეწყვიტონ და თურმე თვითონ დონორია ამით დაკავებული
შალვა პაპუაშვილი - მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავიანთ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, ბულინგი შეწყვიტონ და თურმე თვითონ დონორია ამით დაკავებული

მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავიანთ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატ დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს, რომელიც ამერიკული დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გადაიღო.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ თავად დონორია დაკავებული ბულინგის კამპანიის ამსახველი ვიდეოს გადაღებითა და გავარცელებით.

„მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია. თურმე სად ხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც თავმომწონედ ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების, არასრულწლოვანების თანდასწრებით პირდაპირ ესხმიან თავს ადამიანს. ეს არის სამარცხვინო. ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი, თავს მოხვეული ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც, აი, ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით, მოძალადე და ზიზღის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით მიიყვანეს ყველაფერი ამ მდგომარეობამდე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ  დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაციის, „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.