შალვა პაპუაშვილი - „ფეა თრიიზის“ განცხადებამ აჩვენა, რომ აინტერესებთ მხოლოდ გირჩები და თესლები, რომლებიც რაჭიდან გააქვთ
შალვა პაპუაშვილი - „ფეა თრიიზის“ განცხადებამ აჩვენა, რომ აინტერესებთ მხოლოდ გირჩები და თესლები, რომლებიც რაჭიდან გააქვთ

„ფეა თრიიზის“ განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ რაჭველი ბავშვები, ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩები და თესლი, რომლებიც რაჭიდან გააქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თმით, „დანიური ორგანიზაციის, „ფეა თრიიზის“ ხელმძღვანელი ქალბატონი ბოლსი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი“.

„შეწუხდა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. არ ვიცი, მას თავი ძირძველი რაჭველი ჰგონია თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით და კარგია, თუ სოციალური საკითხებითაც დაინტერესებულია. მათმა განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც იმ რაჭველი ბავშვის კბილები. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩები და ის თესლი, რომლებიც რაჭიდან გააქვთ. ეს განცხადება იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.

ეს არის სოციალური პროექტი, სადაც ონის მუნიციპალიტეტს არ სჭირდება ასეთი ორგანიზაციების შეხიდება, მაგრამ რადგან იყო ინტერესი და ეს ბიზნესი რაჭაშია, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააკეთებენ. ონის მუნიციპალიტეტმა გააკეთა ყველაფერი, მოაწყო კაბინეტი, აღჭურვა, ერთადერთი, რაც მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო – გადაეხადათ ხელფასი ექიმებისთვის. ამას რომ აქცევს სპეკულაციის საკითხად, ბავშვებით რომ დაიწყებს სპეკულაციას დანიელი ქალბატონი, ეს აჩვენებს, რომ ხანდახან სოციალურ პროექტებშიც არის ჩადებული პოლიტიკური დედააზრი. ამორალურია, როდესაც „ენჯეოები“ ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრსაც ჰქონდა ამაზე საუბარი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გადახედავს ყველა ამ საკითხს, პროექტს. სადაც არიან ასეთი სპეკულაციის მოყვარული „ენჯეოები“, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, გრანტები რამენაირად მიიღონ, ხარჯონ და ხელფასები ჰქონდეთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ სახელმწიფო ასეთ პარტნიორობებს უნდა დააკვირდეს, რადგან სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში ყოველ ჯერზე ფართოვდება ეს პროგრამები, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. დაყვედრება, დამადლება და საჯარო განცხადებებით სპეკულირება ბავშვების ჯანმრთელობით არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუკი ვინმეს არ უღირს თავისი დარეგისტრირება იმ რეესტრში, საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს. სახელმწიფო მიხედავს ყველა ასეთ საკითხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ონის მერიაში აღნიშნეს, რომ ფონდმა „ფეა თრიიზმა“ გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, რაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. ონის მერიაში განმარტეს, რომ ფონდის იდეა მოიცავდა მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მერიამ უზრუნველყო. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი იაფფასიანი სპეკულაციაა. მათივე განმარტებით, პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.