შალვა პაპუაშვილი - ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს სთხოვდა ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უარი უთხრა, ახლა ჯერი ხალხზეა
შალვა პაპუაშვილი - ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს სთხოვდა ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უარი უთხრა, ახლა ჯერი ხალხზეა

ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვდა, ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი, ახლა ჯერი ხალხზეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ.

„საბოლოოდ გაირკვა, რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია „ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთვრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი. აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა.

საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავდა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ. „ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს თხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.