შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯგუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე ევროპული ღირებულება ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პოლიციელზე თავდასხმა
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯგუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე ევროპული ღირებულება ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პოლიციელზე თავდასხმა

ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯგუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო, გარკვეულწილად, ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ვიზუალიზაცია იმისა, როგორ ესმის თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფს ევროპაში. გუშინ პირდაპირ ვნახეთ ამის კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ამ ჯგუფის გაგებით, თურმე ეს ყოფილა ევროპული ღირებულება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ იდგნენ, ბრიფინგზე ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი; მეორე, აღმოჩნდა, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, ამას გულისხმობენ, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია, თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტში გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც თავად არიან მონაწილე საქართველოში პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების ფარული დაფინანსებისა.

„იატაკქვეშა ფულის ხარჯვა ხდება საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ. ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები, იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. ევროპარლამენტარები მართავენ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, მათ შორის, გამომსვლებიც იყვნენ, ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაელ გალერი, ისინი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც ეხება, მათ გამჭვირვალობას ეხება და პარადოქსია, ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავენ აქამდე. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, მაგალითად, „დროაზე“, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, მაგალითად, „სირცხვილიაზე“, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს ენჯეო „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით არაპირდაპირ მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ეს არის კანონის გვერდის ავლა და ჩარევა პოლიტიკაში, ეს არის რადიკალების დაფინანსება. ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, რომ დარჩეს ჩრდილში ის ფული, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავს იატაკქვეშ, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. შავ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულს, ვგულისხმობთ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.