შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო შარშან, ივლისშივე იმსახურებდა სტატუსს, ეს არის ერთადერთი სიმართლე, რაც უნდა თქვას ყველამ, მათ შორის, პრეზიდენტმა
შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო შარშან, ივლისშივე იმსახურებდა სტატუსს, ეს არის ერთადერთი სიმართლე, რაც უნდა თქვას ყველამ, მათ შორის, პრეზიდენტმა

ევროკომისიის შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო შარშან, ივლისშივე იმსახურებდა სტატუსს. ეს არის ერთადერთი სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ სიმართლის შესახებ უნდა თქვას ყველამ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ერთადერთი სწორი და სიმართლესთან ყველაზე ახლოს მყოფი პოზიციაა ის, რაც იანვარში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით დადასტურდა, რომ, მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, საქართველო შარშან, ივლისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ინსტიტუციური, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობით. ეს არის ერთადერთი სიმართლე და ეს სიმართლე უნდა თქვას ყველამ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ისე პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ნაცვლად იმისა, რაც ჩვენ ვნახეთ –  დიდი სირცხვილი. გუშინ კიდევ ერთხელ იყო არასამთავრობოების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შეფასება. იცით, მათ მანამდე თქვეს, რომ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული და თუ არ ვცდები, ორ კვირაში ევროკომისიამ პირდაპირ ამხილა ისინი საკუთარი სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებაში, როცა ევროკომისიამ შუალედური ანგარიშის დონეზეც კი სამი რეკომენდაცია ჩათვალა შესრულებულად. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიის შუალედური შეფასების შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, რომ ერთ რეკომენდაციას ვასრულებთ. ამ ადამიანებს რა უნდა ელაპარაკო ან სამშობლოზე, ან პატრიოტიზმზე, ან იმაზე, რომ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა: ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს. ამ „რბილ ომში“, რომელიც გვაქვს რუსეთთან, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა. ეს არის ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს და პროცესებს, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორც უნდა იყოს“.