შალვა პაპუაშვილი - ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან დაკავშირებით, ასეთი მანიპულაცია აბსურდია
შალვა პაპუაშვილი - ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან დაკავშირებით, ასეთი მანიპულაცია აბსურდია

აბსურდია მანიპულაცია, თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით. ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა კითხვით მიმართა, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, არ დაფინანსდეს კრიტიკული მედია.

„არა, რა თქმა უნდა, ასეთი მოთხოვნა არავის არასდროს არ გაუვრცელებია თუ გაუმჟღავნებია. თქვენ თუ კრიტიკას ეძახით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაშინ ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა არის კრიტიკა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ძალადობა, ამის პოპულარიზაცია არის ძალადობის წახალისება. ამიტომ ძალადობის წახალისება როდესაც ფინანსდება, ეს არ არის კრიტიკის წახალისება, ეს არის ძალადობის წახალისება. ისევე, როგორც ტერორიზმის წახალისება, კრიმინალის წახალისება ვერ იქნებოდა კარგი. აბსურდია მანიპულაცია, თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით. საქმეც ზუსტად ისაა, რომ დიალოგის შესაძლებლობა არ არის, ვინაიდან ნებისმიერი კრიტიკული დისკუსია ჩახშობილია რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოკლანის ყვირილით. ნაცვლად იმისა, ისაუბრონ არგუმენტებით, საუბრობენ ლოზუნგებით. ბოლო პერიოდში ვნახეთ კიდეც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ აპირებენ მსჯელობას, აპირებენ ლოზუნგებით ბრძოლას კანონის წინააღმდეგ.

ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე პრობლემა აქვს კრიტიკულ დისკუსიასთან, ვინაიდან, სინამდვილეში, ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არის ის პრობლემა, რომელიც აქვს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის ხელისუფლებას – პრობლემა უცხო ქვეყნებიდან რადიკალური ჯგუფების დაფინანსებისა. როგორც აშშ-ს არ უნდა, რომ უცხო ქვეყანამ დააფინანსოს აშშ-ში ამერიკელი პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის კამპანიის რომანტიზება, ასევე ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის კარგი, თუკი გაქვს მიზანი, რომელსაც ესწრაფვი და შეგიძლია, ადამიანი ცოცხლად დაწვა. ამაში რომ ბიუჯეტის ფული იხარჯება, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.