შალვა პაპუაშვილი - ცრუ დილემების შემოტანა, თითქოს ევროინტეგრაციის თუ ნატო-ში გაწევრიანების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს დავთმობთ, მცდელობაა, რომ საზოგადოება შეაგუონ ასეთ მსჯელობას
შალვა პაპუაშვილი - ცრუ დილემების შემოტანა, თითქოს ევროინტეგრაციის თუ ნატო-ში გაწევრიანების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს დავთმობთ, მცდელობაა, რომ საზოგადოება შეაგუონ ასეთ მსჯელობას

ნებისმიერი ასეთი ცრუ დილემების შემოტანა, თითქოს ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის, ან წევრობის მიღების, თუ ნატო-ში გაწევრიანების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ტერიტორიებს დავთმობთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეაგუონ ასეთ მსჯელობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია და იყო კიდეც საზოგადოების რეაქცია ამასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას არასდროს არ დაუშვებს, რომ ამაზე დისკუსიაც კი იყოს რამენაირად გახსნილი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი თვითმიზანი და ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს მე-20 საუკუნის ბოლომდე. ჩვენ ვალდებული ვართ, სწორედ ეს ტერიტორია და ეს საზღვრები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ამ დილემის დღის წესრიგში დაყენებას მომავალში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გონივრული პოლიტიკის ამოცანაა, ასეთი დილემა არ დადგეს და არ დადგეს საკითხი კი და არა-თი.

შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა ამას აქტიური კავშირი რუსეთთან, რომელიც უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კავშირები აქ აუცილებელი არ არის.

„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამაში მდგომარეობს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ბოლო ათი წლის განმავლობაში – სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, როდესაც, ჩვენი ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამის დროს შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამ დროსაც უნდა დაველოდოთ ყოველთვის, რომ შესაბამისი დრო იყოს და ეს დრო უნდა შევქმნათ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ეს არ გულისხმობს მხოლოდ მშვიდობას საგარეო საფრთხეების მიმართ, გარე ომებს და ასე შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამაში ვგულისხმობთ შიდა მშვიდობას, უსაფრთხოებას და სიმშვიდეს შიგნით, ვინაიდან ამ ათწლიანმა მშვიდობის პერიოდმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურად წინ წავიდეთ. ნახეთ, ახლა საქართველოში რეკორდულად დაბალია უმუშევრობის დონე, რომელიც არასდროს არ ყოფილა. ნახეთ, როგორი გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, რამხელაა პროგნოზები. საბოლოო ჯამში, ამის მიზანი რა არის? ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა არა ფორმალურად, რომ ქაღალდზე ვიყოთ ევროკავშირის წევრი, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალით და ეკონომიკურადაც უნდა გავიზარდოთ იმ დონეზე, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და სრულად ვისარგებლოთ იმ კეთილდღეობის შესაძლებლობით, რომელსაც ევროკავშირი იძლევა. ამავე დროს, ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გვინდა, ამ კეთილდღეობით ვისარგებლოთ და როცა ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ეს რეგიონები, რომ საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი უნდა იყოს და ამავე დროს, თვალი გაურბით, როგორმე სადმე აურზაური მოაწყონ, ეს ხომ ერთმანეთს არ ეთანხმება?! მშვიდობის და სტაბილურობის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამისკენ მივდივართ. მივდივართ იქითკენ, რომ არ დადგეს საკითხები კი და არა, ცრუ დილემები და არჩევანი მარცხნივ თუ მარჯვნივ წასვლის. ჩვენ მოთმინებით უნდა მივიდეთ იმ მიზნამდე, რომელიც გვაქვს. ეს მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს მიზანი არის ჩვენი წევრობა ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი შიდა მშვიდობის შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსოლიდაცია ვერ ხერხდება და დაპირისპირების ხარისხი მუდმივად მაღალია, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა, რომელიც, მათ შორის, თავისი გავლენებით ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკურ ამინდს ქმნის, 2012 წლის არჩევნების წაგების დღიდან იყო და დღემდე არის პოლარიზაცია-დესტაბილიზაცია-დესტრუქციის პოლიტიკა, რადგან მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ და უბრუნდებიან რევოლუციურ მეთოდებს, რათა წყალი აამღვრიონ, მდგომარეობა ააყირაონ და ხელში ჩაიგდონ აბსოლუტური ძალაუფლება, თუმცა მათ ამის შანსი არ აქვთ.