შალვა პაპუაშვილი -  ჩვენი შეთავაზებაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ოქტომბრის პირველ შაბათს
შალვა პაპუაშვილი -  ჩვენი შეთავაზებაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ოქტომბრის პირველ შაბათს

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა სურვილი, რომ წინასწარ იცოდნენ არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი.

პაპუაშვილის თქმით, უმრავლესობის წინადადებაა, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ოქტომბრის პირველ შაბათს.

„არსებული კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ინიშნება პრეზიდენტის მიერ და კანონმდებლობაში კონკრეტული თარიღი ჩაწერილი არ არის. არის ოქტომბერში და შემდეგ პრეზიდენტი განსაზღვრავს თარიღს, განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისგან, რომელიც თავის დროზე დაზუსტდა, როდის იმართება. სწორედ ეს იყო თავად ოპოზიციის სურვილი და წინადადება ჩვენს ბოლო შეხვედრაზე. ეს იდეა ოპოზიციის მხრიდან მანამდეც იყო გაჟღერებული, რომ კარგი იქნება მოემზადონ არჩევნებისთვის და საარჩევნო კამპანია ჰქონდეთ, რომ წინსწრებით ყველამ იცოდეს, არჩევნები როდის იქნება. ჩვენც მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ ამ კუთხით ჩვენც გვემსჯელა.

ჩვენი შეთავაზებაა, რომ ოქტომბრის პირველი შაბათი იყოს სხვა დროსაც ის დღე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ამით ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ წინსწრებით იცოდეს და არჩევნებისთვის მოემზადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.