შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს აფარებენ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც პარტიებს ფარულად აფინანსებენ, აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას ფასიც აღარ აქვს
შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს აფარებენ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც პარტიებს ფარულად აფინანსებენ, აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას ფასიც აღარ აქვს

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს აფარებენ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ, აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას შემდეგ ფასიც აღარ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეკრულები არიან ერთმანეთთან, რომ დააფარონ ხელი საკუთარ დამფინანსებლებს და ერთმანეთს. მისივე თქმით, მარტივი მაგალითები არსებობს, როგორ ხდება ურთიერთ ხელის დაფარება.

„მარტივი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ არის სინამდვილეში ურთიერთ ხელის დაფარება არასამთავრობო სექტორში. წარმოიდგინეთ, ჩვენ გვყავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, ISFED-ი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელთაც აქვთ პრეტენზია, იყვნენ საარჩევნო დამკვირვებლები. ადგილობრივი დამკვირვებლის მანდატში კი შედის, ასევე, პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, რაც მათ უნდა გააკეთონ. წარმოიდგინეთ, არის საჯაროდ ინფორმაცია, რომ პარტიები, ამ შემთხვევაში, „დროა“, კანონის გვერდის ავლით ფინანსდება უცხოური წყაროდან. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ, რომელიც საარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს? რა თქმა უნდა, დააკვირდეს, შეისწავლოს და ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოთქვას. რა გააკეთა ან „გამჭვირვალობამ“, ან ISFED-მა, ან „საიამ“, რომლებიც ამბობენ, დამკვირვებლები ვართო? არაფერი. რატომ?! იმიტომ, რომ იქაც იგივე წყაროა დაფინანსების – „ევროპის დემოკრატიული ფონდი“, რომელზეც არის ეჭვი, რომ აფინანსებს პარტია „დროას“. ასე არის, ხელს აფარებენ შემდეგ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ და აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას შემდეგ ფასიც აღარ აქვს. ჩვეულებრივად, შეკრულები არიან  ერთმანეთთან, რომ დააფარონ ხელი საკუთარ დამფინანსებელს და დააფარონ ხელი ერთმანეთს.

რაც შეეხება გამჭვირვალობის საკითხს, USAID-ის მაგალითი კარგია, თითქოს რაღაც არის გამჭვირვალე. საუბარი როდესაც არის, რომ რაღაც დაფინანსებები გამჭვირვალეა, საუბარია აგრეგირებულ მონაცემებზე, რომ რომელიღაც დონორი, მაგალითად, დემოკრატიის მიმართულებით აწარმოებს პროგრამას და მორჩა. ამის ქვემოთ დეტალი მოსახლეობისთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის უცნობია. შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, თურმე „კანვასი“ იყო დაქირავებული ამ ფულით და ის, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც ხელოვნებას თუ მშობლების საკითხებს შეეხებოდა, იყო ჩვეულებრივი რევოლუციური სცენარის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.