შალვა ნათელაშვილი - ვიდრე ჩვენ სახლში ვისხდებით და დაველოდებით, როდის მოხდება რევოლუცია, მანამდე იქნებით ასე, მონაზე უარესს მდგომარეობაში, სანამ არ დაამთავრებთ ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების დათვლას, თქვენგან არაფერი გამოვა
2002 წლის 30 დეკემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ისტორიულად შემცირებული დენის ტარიფი 7-11 თეთრამდე, დღეს უკვე 31 თეთრი ხდება. მინდა გითხრათ საოცრება, ეს არ არის მთავრობის ბრალი, ეს არ არის თუნდაც ივანიშვილის ბრალი, ამაში მთელი პასუხისმგებლობა იმ ხალხს ეკისრება, ვინც მიდის და ამ 18 წლის მანძილზე ხმას აძლევს ყველა თაღლითს, ყველა გარეწარს, ყველა გადამგდებს, ყველა მოძალადეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სადომაზოხიზმში გადავარდა“.
„ვინც ჩაგრავს, ვინც ატყუებს, ვინც სიღატაკეში ამყოფებს, მისი მონა გახდა და მის შედეგებს დღეს აქ ვიმკით. არაფერ შუაშია არც ეს კომისია, არც მთავრობა, შუაშიც და თავშიც არის ხალხი, რომელიც ისტორიას უნდა წერდეს და არ უნდა ჯღაბნიდეს. უპრეცენდენტოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში, პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც ღირებულება ასე გაუძვირა ხალხს, როდესაც მსოფლიო მთავრობებს ბიუჯეტი გამოტანილი აქვთ გარეთ და შეღავათების ეპოქა დადგა. ესეც ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება, ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე თანამდებობებზე გაიყიდებიან, ხახვზე, ფულზე, კარტოფილზე, ეშმაკის ვერცხლზე. სანამ ეშმაკს არ განვდევნით ჩვენიდან, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, გახარიები, ბაბაჯანები და ჯოჯუები, რომლებმაც დღეს კომისიასთან მოგვიყვანა და სამთეთრიანი დენი, რომელიც ყოფნის გენერაციას, გადაცემას, ხელფასებს, 35 თეთრი გაგვიხადა. ამას ვერანაირი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა, სანამ ჩვენ სახლში ვისხდებით, ტელევიზორთან, ტახტზე წამოკოტრიალებული და დაველოდებით, როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე, თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებებს, მანამდე იქნებით ასე, მონაზე უარესს მდგომარეობაში, მონები იქნებით მანამ, სამამ იმ იდეოლოგიის პარტიას არ აირჩევთ ხელისუფლებაში, რასაც „ლეიბორისტული პარტია“ ემსახურება და სანამ არ დაამთავრებთ ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების დათვლას, თქვენგან არაფერი გამოვა და თქვენ იქნებით მონები ამათი და ღირსები იქნებით. მე დავიღალე 18 წელი დენის ტარიფზე ბრძოლით, მერე ღადაობით, გიჟია, სიღატაკეს იგონებს, ხელისუფლებებს ეკვრება, ახლა იყავით ასე და შეხვდით ახალ წელს ასე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.